„პირველი: ზოგადად, აზრის გამოხატვა უნდა იყოს ჩვეულებრივი ამბავი, უნდა გამოხატო აზრი, რომ მიგაჩნია, კალაძე არის რუსი. ეს არ უნდა ისჯებოდეს.
მეორე: მეგი დიასამიძის დაჭერა იყო ჩემთვის მოტივაცია. ადამიანი ტყუილად დაიჭირეს, ციხეში ჩასვეს იმის გამო, რომ ბანერზე დააწერა.
მესამე: რა რეაგირება ექნებათ არ მაინტერესებს. ეს არ არის ხელისუფლება, რომელიც სამართლებრივი ლოგიკით მოქმედებს, როცა მოუნდებათ დაგიჭერენ და როცა მოუნდებათ არ დაგიჭერენ. არ მაინტერესებს, რას გადაწყვეტენ, რამდენჯერაც მომინდება, იმდენჯერ დავაწერ კალაძეს რომ რუსების მონაა. დაცვის ბიჭი გამოვიდა, პოლიცია იქ არ იყო ადგილზე, ხელი ვერ შემიშალეს, რაც მინდოდა, ის დავაწერე,”- ამის შესახებ ,,კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ განაცხადა,რომელმაც დედაქალაქის მერობის კანდიდატის, თბილისის მოქმედი მერის, კახა კალაძის ბანერზე წარწერა გააკეთა სახელწოდებით:,,რუსი”.
ცნობისთვის,თბილისის საქალაქო სასამართლომ აქტივისტ მეგი დიასამიძეს, რომელსაც კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანებას ედავებიან, აღკვეთის ღონისძიების სახით 2 000 ლარიანი, არასაპატიმრო გირაო შეუფარდა.
მოგვიანებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ, პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ წარმომადგენლების მომართვის საფუძველზე, საარჩევნო ბანერების დაზიანების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.
“სამართალდამცველები ფაქტთან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ, ექსპერტიზის საფუძველზე დადგინდება ზარალის ზუსტი ოდენობა და აღნიშნულ ქმედებას შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება,”-აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.