„მინდა გამოვეხმაურო ევროკომისრის, მარტა კოსის ვიზიტს კავკასიაში. რამდენადაც ჩემთვის არის ცნობილო, მას ექნება ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრები აზერბაიჯანსა და სომხეთში, მაგრამ არ ექნება საქართველოში. ის ფაქტი, რომ უკვე მერამდენე მაღალი თანამდებობის პირია ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებიდან, ევროპელები იქნებიან თუ ამერიკელები, ვინც ჩამოდიან კავკასიაში, აქვთ შეხვედრები აზერბაიჯანსა და სომხეთში, მაგრამ საქართველოს არ იმჩნევენ საერთოდ, რაც მიუთითებს იმაზე, რა საგარეო პოლიტიკასაც აწარმოებს „რუსული ოცნება“ ამ 13 წლის განმავლობაში. 13 წლის განმავლობაში რუსულმა რეჟიმმა მოახერხა, რომ საქართველო იყოს იზოლაციაში და იყოს იზოლირებული ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისგან, რომლებიც არიან მთავარი გარანტი ამ ქვეყნის თავისუფლებისა. ასევე, ის ფაქტი, რომ ჩეხეთმა დიპლომატიური პასპორტები გააუქმა საქართველოში, ესეც ნათელი დადასტურებაა რეალურად ამ საერთაშორისო იზოლაციის, რომელშიც რეჟიმი არის. დღეს საქართველოს მართავს ე.წ ხელისუფლება, რომელსაც არ აღიარებს ცივილიზებული სამყარო. ეს პროცესები საერთაშორისო პარტნიორებისგან კიდევ უფრო გამკაცრდება, ჩვენ ველით, რომ სანქციების პაკეტები გავრცელდება ოჯახის წევრებზე და იმ ადამიანებზე, რომლებიც ხელს უწყობს რეჟიმს,”-ამის შესახებ ,,ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა წითლიძემ განაცხადა.