„ქართულმა სასამართლომ უთხრა, რომ „წინასწარ პატიმრობაში შენ მე არ მჭირდები, გადაიხადე გირაო და დაელოდე საბოლოო განაჩენს”. დააპატიმრა?! აღკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა?! არა. ანუ, მისი ალტერნატივა გამოიყენა და უთხრა, „იყავი გარეთ, დაიცავი თავი სასამართლოზე და დაელოდე განაჩენს“. პასუხი რა არის?! „არ გამოვიყენებ მე ამ შესაძლებლობას, მივდივარ ციხეში”. ახლა მითხარით, ეს ხელისუფლება აპატიმრებს ამ ქალბატონს, თუ თვითონ იპატიმრებს თავის თავს?! პირველი შემთხვევაა ეს?! იცოდნენ, რომ კომისიაზე თუ არ გამოცხადდებოდნენ, დააპატიმრებდნენ. არ გამოცხადდნენ სპეციალურად. მერე ზოგიერთს გირაო შეუფარდეს, ნაწილმა გადაიხადა, ნაწილმა თქვა არ გადავიხდიო. აბა, როგორ გგონიათ, დედამიწაზე არსებობს რომელიმე ქვეყანა, სადაც სასამართლო გირაოს განუსაზღვრავს ადამიანს, ეს მერე დაუქნევს თითს და ეტყვის მე გირაოს არ გადავიხდიო და გარეთ დატოვებს?!
ციხეში ჯდომა სჭირდება იმიტომ რომ ძალიან კარგად იცის, 4 ოქტომბერს არავითარი რევოლუცია არ იქნება, შერცხვება როგორც თავისი მომხრეების წინაშე, ასევე პატრონების წინაშე. ამიტომ ახლა ძალიან ლამაზი გამოსავალი იპოვა თავისი ჭკუით, რომ თავს შეაფარებს ციხეს და ამით გაიმართლებს თავს, გარეთ რომ ყოფილიყო, უფრო მეტ აქტიურობას გაწევდა. ის გარეთ იქნება თუ შიგნით არ გვაინტერესებს. სახელმწიფოს ასეთი ტიპის ადამიანების არ ეშინია,”-ამის შესახებ ,,ქართული ოცნების” დეპუტატმა, თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა,რითაც ,,კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერის, ელენე ხოშტარიას მიერ გირაოს გადაუხდელობის საკითხს გამოეხმაურა.