“ასეთი აქტივობისთვის მილიონიანი კონტრაქტია დადებული, ამას გამომუშავება სჭირდება. ესეც ემსახურება საინფორმაციო ხმაურის შექმნას, როგორი საინფორმაციო ხმაურიც ჰქონდათ.

წელიწადზე მეტია რაც ე.წ. მეგობარი აქტი, მტრული აქტი სხვადასხვა კაბინეტში ტრიალებს. გამომდინარე იქიდან, რომ საბოლოოდ გაირკვა, რომ მზის შუქს ვერ იხილავს, ახალი იდეა მოუვიდა, რომ გამომუშავებული იყოს ის დაფინანსება, მილიონიანი კონტრაქტი.

ერთადერთი მიზანი აქვს, საინფორმაციო ხმაური. ერთი და იგივე მსახიობები მონაწილეობენ – ვხედავთ კონგრესმენ უილსონს, იმ ერთ-ერთ ჟურნალისტს აზერბაიჯანული გვარით, კიევის მედიის თანამშრომელს, რომელიც ვაშინგტონში ცხოვრობს. ამ ადამიანის კონსტრუქციაც კი აჩვენებს, რომ არის ჩვეულებრივად დაქირავებული რუპორი, რომლის დანიშნულებაც არის ასეთი საინფორმაციო ხმაურის შექმნა. ეს ხმაური გადაივლის და მერე რას აპირებენ, იგივე ბედი ეწევა, როგორც მანამდე ყველა ამგვარ მტრულ წამოწყებას,”-ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ამერიკელი კონგრესმენის,  ჯო უილსონის მიერ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ავტორიზაციის აქტში “ქართული კოშმარის არაღიარების“ შესწორების წინადადების წარდგენასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.