„დიდი ფული დაიხარჯა დეკემბრის ძალადობრივ აქციებში, რათა ხელისუფლების შეცვლა ძალადობრივი მეთოდით მომხდარიყო. პიროტექნიკის ყიდვის მხრივ ყველანაირი რეკორდი მოიხსნა. ერთი წლის მარაგი შეიძინეს. ეს ფული საიდანღაც მოდის – ჰაერიდან არაფერი არ იყო.
პროკურატურის გამოძიებით თუ სხვა წყაროებიდან ვხედავთ სქემას, რომლითაც ძალადობა ფინანსდებოდა. ერთი, ეს იყო უცხოური ფული. აღჭურვილობის შეძენა პოლიციისთვის წინააღმდეგობის გასაწევად უცხოეთიდან დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების ფულით ხდებოდა. დოკუმენტებით ჩანდა, რომ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ პოლიციისთვის წინააღმდეგობის გასაწევად და ხანდახან თავდასხმისთვის ასეთი აღჭურვილობა იყიდეს. ვხედავთ რა ამ არასამთავრობო ორგანიზაციებს, დიდი ალბათობით ეს არის ევროკავშირის ფული და ასევე, აშშ-ს წინა ადმინისტრაციის დაფინანსება. ასევე ვხედავთ გიორგი ბაჩიაშვილს და მიხეილ სააკაშვილის დედის უნივერსიტეტს, რომელიც თავის დროზე კორუფციული გზით მოიპოვა. გიორგი ბაჩიაშვილს და გიული ალასანიას რა აინტერესებთ?! – ბაჩიაშვილს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობიდან გაქცევა აინტერესებს. იგივე აინტერესებს ალასანიას – საკუთარი შვილის ციხიდან დახსნა,”-ამის შესახებ პარლამენტის თავჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.