პალესტინის სახელმწიფო ოფიციალურად მალტამ, ბელგიამ და ლუქსემბურგმა აღიარეს. ამის შესახებ გაერო-ს გენერალური ასამბლეის სამიტზე აღნიშნული ქვეყნების ლიდერებმა განაცხადეს.
„მალტის რესპუბლიკა ამაყობს, დაადასტუროს პალესტინის სახელმწიფოებრიობის ოფიციალური აღიარება,”-ამის შესახებ მალტის პრემიერ-მინისტრმა, რობერტ აბელამ სამიტზე განაცხადა.
ლუქსემბურგის პრემიერ-მინისტრის თქმით, პალესტინის სახელმწიფოს აღიარება ,,იმედისადმი განახლებული ერთგულების დასაწყისია. „ეს იმედისადმი განახლებული ერთგულების დასაწყისია, დიპლომატიისადმი ერთგულების, დიალოგის, თანაარსებობისა და ორი სახელმწიფოს პრინციპით გადაწყვეტისადმი ერთგულების. იმ მყიფე, მაგრამ მაინც შესაძლო იდეის მიმართ, რომ მშვიდობამ შეიძლება გაიმარჯვოს,”-აცხადებს ლუკ ფრიდენი.
„ბელგია დღეს მსოფლიოსთვის ძლიერ პოლიტიკურ და დიპლომატიურ სიგნალს გზავნის, როდესაც იმ ქვეყნების ჯგუფს შეუერთდა, რომლებმაც პალესტინის სახელმწიფოს აღიარება გამოაცხადეს,” – ამის შესახებ კი ბელგიის პრემიერ-მინისტრმა, ბარტ დე ვევერმა განაცხადა.
მონაკოს მიერ პალესტინის სახელმწიფოს ოფიციალური აღიარების შესახებ განცხადება კი პრინცმა ალბერტ II-მ გააკეთა. „დღეს ჩვენ გვსურს კიდევ ერთხელ დავადასტუროთ ჩვენი ურყევი მხარდაჭერა ისრაელის არსებობის მიმართ და ასევე გვსურს პალესტინა საერთაშორისო სამართლის შესაბამისად სახელმწიფოდ ვაღიაროთ,” – განაცხადა პრინცმა ალბერტ II-მ გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში გამართულ სამიტზე.
ცნობისთვის,მანამდე პალესტინის სახელმწიფო ოფიციალურად აღიარეს საფრანგეთმა, გაერთიანებულმა სამეფომ, კანადამ და ავსტრალიამ.