„როდესაც საქართველოს ხელისუფლების უპასუხისმგებლო, არარაობა წარმომადგენლები აბრალებენ ვენის კონვენციის დარღვევას საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს, ეს არის ძალიან მძიმე დარღვევა, რომელსაც სჭირდება კონკრეტული მტკიცებულებები, სხვა შემთხვევაში, ეს არის ბინძური პროპაგანდა და პოლიტიკური ხრიკი, რომელიც გათვლილია იმისთვის, რომ რუსულ ხელისუფლებას მოსკოვში და აქ, რაღაც რუსულ სინდიკატს საქართველოში, პროპაგანდისტულად სალაპარაკო ჰქონდეს, რომ დასავლეთი არის საქართველოს მოქალაქეების მტერი. დასავლური სახელმწიფოები, რომელთა ელჩებსაც ახლა იბარებენ, საქართველოს მოქალაქეებისთვის დამოუკიდებლობის დღიდან დღემდე, 30 წლის განმავლობაში, იმდენ სიკეთეს აკეთებდნენ, რომ ერთი მხრივ, შეიძლება დაითვალოს მილიონობით და მილიარდობით დოლარში და აგრეთვე, დაითვალოს კონკრეტულ ქართულ ოჯახებზე გაკეთებული სიკეთეებით, ეს იქნება საგანმანათლებლო, სოციალურ, პროფესიული განვითარების სფეროში, თუ სხვა მიმართულებით. აბსოლუტურად ყველა სფეროს ეხმარებოდნენ, იქნებოდა ეს გერმანია, საფრანგეთი, აშშ და ზოგადად ევროკავშირი. შესაბამისად, თუ ვინმეს ვენის კონვენციის დარღვევას აბრალებენ, იმდენი შნო გამოიჩინონ და იმდენი ვაჟკაცობა ეყოთ, რომ ეს რეალურად დაადასტურონ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს ყველა ჯერზე იქნება ბინძური პროპაგანდა, რომელსაც ხან ერთი პირუტყვი გააჟღერებს, ხან მეორე პირუტყვი გააჟღერებს, არავითარი შინაარსი არ ექნება, გარდა იმისა, რომ შალვა პაპუაშვილის ან მსგავსი, რომელიმე სხვა პოლიტიკურ არსების ხრწნას დავინახავთ. მეტი შინაარსი ამას არ აქვს, როდესაც მტკიცებულებების გარეშე აღვირახსნილად ლაპარაკობ ვენის კონვენციის დარღვევაზე. ეს არის ძალიან მძიმე და მნიშვნელოვან ფაქტებთან ბავშვური თამაში,”-ამის შესახებ ,,ლელო-ძლიერი საქართველოს” წევრმა, თაზო დათუნაშვილმა განაცხადა,რითაც საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოში გერმანიისა და გაერთიანებული სამეფოს ელჩების დაბარების საკითხს გამოეხმაურა.