„ყველა ხედავს, რომ კონკრეტული ელჩები პირდაპირ არიან ჩართულები პოლიტიკურ პროცესებში, რაც არის დემოკრატიის პრინციპის უხეში ხელყოფა. ეს არის ვენის კონვენციის პრინციპის ხელყოფა. ამას სჭირდება რეაგირება. ეს არის ჩვეულებრივი დიპლომატიური ზომა. იმედი გვაქვს, ელჩები დაუბრუნდებიან დიპლომატიურ ჩარჩოებს. მათ უნდა დაიცვან წესები, უნდა დაიცვან პრინციპები. ეს არის მათ შორის, ევროპული მიდგომა, არ შეიძლება საბჭოური მიდგომებით მოქმედებდნენ ელჩები. მათი დაბარება დიპლომატიური ზომაა, რომლის ერთადერთი მიზანია, ელჩები დაბრუნდნენ დიპლომატიურ ჩარჩოებში. გახსოვთ, მაკრონის განცხადება ერთ-ერთ ელჩზე. ბევრად უფრო რბილი განცხადება გააკეთა, ფრანგულ პოლიტიკაში დიდად ჩარევას არ გულისხმობდა, მაშინვე ჰქონდა რეაგირება საფრანგეთის პრეზიდენტს. ჩვენთან პირდაპირ, უხეში ფორმით ხდება არამხოლოდ პოლიტიკაში ჩარევა, არამედ რადიკალიზმის და პოლარიზაციის წახალისება.
მინდა შეგახსენოთ, უშუალოდ საარჩევნო პროცესებში ჩარევა. ევროკავშირის ელჩი გამოვიდა და პირდაპირ მოუწოდა ამომრჩეველს მობილიზაციისკენ მოქმედი ხელისუფლების წინააღმდეგ. ვენის კონვენციის ამაზე უხეში დარღვევა არ არსებობს. ეს არის ერთ-ერთი უხეში მაგალითი. ამის მაგალითი, ბევრია. ასევე გახსოვთ, ელჩები პირდაპირ დადიოდნენ სასამართლოს პროცესებზე, რათა განეხორციელებინათ ზემოქმედება მოსამართლეების საქმიანობაზე, რაც არის კონვენციის უხეში დარღვევა. ასე არ უნდა იქცეოდნენ ელჩები, რომლებიც ევროპას წარმოადგენენ.
ევროპა ტრადიციულად იყო წესებთან დაკავშირებული სიმბოლო, წესების პატივისცემის სიმბოლო. ახლა სამწუხაროდ, ევროკავშირიდან ელჩები ხშირად არღვევენ უხეშად პრინციპებს, წესებს, ეს მიუღებელია. საქართველოში ელჩი უნდა იქცეოდეს ისე, როგორც ელჩს შეეფერება და არა როგორც პოლიტიკოსს.
ყველა ელჩი წარმოადგენს სახელმწიფოს და როდესაც ელჩს იბარებ, ამით ერთგვარ დიპლომატიურ ზომას იყენებ სახელმწიფოს მიმართ, ეს ლოგიკურია. ელჩი ხომ დამოუკიდებლად არ მოქმედებს. ჩვენ ვამბობთ, რომ ევროპული ბიუროკრატია დღეს არის მძიმე მდგომარეობაში და ეს ეხება არა მარტო ევროკავშირის სტრუქტურებს, არამედ შესაბამისი სახელმწიფოების სტრუქტურებს. ევროპულ ბიუროკრატიაში არის სერიოზული პრობლემები და ამის გამოხატულებაა ის, რასაც აკეთებენ ელჩები,”-ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოში გაერთიანებული სამეფოსა და გერმანიის ელჩის დაბარებას გამოეხმაურა.