„ჩვენ არასდროს ვეძებთ კონფრონტაციას, ჩვენ ვართ დამოუკიდებელი, მაგრამ მაინც მცირე ქვეყანა და შესაბამისად, ბევრ რამეს ვუწევთ ანგარიშს. ჩვენს ინტერესებში არ შედის ჩვენი მხრიდან კონფრონტაციის გაღვივება თუ გაღრმავება ევროკავშირთან, ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან, მაგრამ ხდება ხოლმე იგივე, რაც მოხდა გუშინ და დღეს. ჩვენ ჩვეულებრივად ჩავნიშნეთ შეხვედრა ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, რომელიც იმავდროულად ითავსებდა ეუთოს თავმჯდომარის პოზიციას. ეს შეხვედრა იყო დაგეგმილი, ველოდებოდით შეხვედრას და გვექნებოდა საუბარი ყველა თემასთან დაკავშირებით. კითხვები თუ ექნებოდათ, გაეცემოდა პასუხები ამ კითხვებს, თუმცა გუშინდელ საღამოს ყველაფერი შეიცვალა. ეს ქალბატონი მივიდა კანონსაწინააღმდეგო აქციაზე. ქუჩა იყო გადაკეტილი. ძალადობა არის შეკრების კანონსაწინააღმდეგოდ მიჩნევის მხოლოდ ერთი საფუძველი. მეორე საფუძველია რა – კანონში გაწერილია ის, თუ როდის შეუძლიათ შეკრების მონაწილეებს გზის გადაკეტვა – მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შეკრების მონაწილეთა რაოდენობა იძლევა ამის საშუალებას. გუშინ 50 ადამიანი იყო შეკრებილი, მათ კანონის წინააღმდეგ გადაკეტეს ქუჩა და ამ კანონსაწინააღმდეგო შეხვედრას შეუერთდა 51-ე ადამიანად ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი. მან იცოდა, რომ შეკრება იყო კანონსაწინააღმდეგო და ამის მიუხედავად, მაინც გადაწყვიტა კანონსაწინააღმდეგო შეკრებაზე მისვლა.
მან ერთი ტყუილიც თქვა იქვე, აქციაზე და დილით დაამატა მეორე ტყუილი. მან ტყუილი თქვა იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს აქცია ახალი დაწყებული იყო და ხალხი უერთდებოდა. ყველამ ძალიან კარგად იცის და მანაც ძალიან კარგად იცოდა, რომ პირიქით, პიკზე იყო აქცია და არაფერი შემატებია ამ აქციას მას შემდეგ, მაგრამ ეს არის მართლა შემაშფოთებელი. კატასტროფაა, როცა ევროპელი ლიდერები – ფინეთი არ არის ყველაზე დიდი ქვეყანა ევროკავშირში, მაგრამ არის ევროკავშირის ერთ-ერთი წევრი ქვეყანა და მისი საგარეო საქმეთა მინისტრი კადრულობს ასეთ ტყუილს, ცრუპენტელობას. შეხვედრის გაუქმების საფუძველი კანონსაწინააღმდეგო აქციაზე გასვლით შექმნა მან. ჩვენ მაშინვე მივიღეთ გადაწყვეტილება ამ შეხვედრის გაუქმების თაობაზე. მათ არ ჰქონიათ არავითარი კომუნიკაცია, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება ამ შეხვედრის გაუქმების თაობაზე, რამაც ჩააყენა უხერხულ მდგომარეობაში და სცადა ამ უხერხულობიდან იგივე მეთოდით გამოსვლა, რა მეთოდითაც სცადა იმ უხერხულობიდან გამოსვლა, რაც 51-ე კაცად შეკრებაში მონაწილეობას უკავშირდებოდა. 50 ე.წ. აკაცუკი იყო შეკრებილი იმ აქციაზე და 51-ე აკაცუკად მივიდა ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ამ შეკრებაზე, რაც წარმოუდგენელია. ეს მეტყველებს ევროპული ბიუროკრატიის წიაღში არსებულ უკიდურესად მძიმე მდგომარეობაზე.
წარმოიდგინეთ, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მიდის ასეთ აქციაზე. თავისთავად ეს ადამიანებიც ხომ ძალადობენ. მარტო კანონსაწინააღმდეგო ხომ არ არის თავისი არსით. ეს ადამიანებიც ძალადობენ, რადგან კანონი და საერთაშორისო სტანდარტი ხომ რაღაც ლოგიკას ეფუძნება. რატომ გეუბნება შენ კანონი და საერთაშორისო სტანდარტი, რომ არ შეიძლება დედაქალაქის ცენტრალური გამზირი გადაკეტო 50 ან თუნდაც 300 კაცით, რადგან არ შეიძლება, უდიდესმა უმცირესობამ იძალადოს უდიდეს უმრავლესობაზე. ამას ეფუძნება საერთაშორისო სტანდარტი და მათ შორის ჩვენი კანონმდებლობა. ესენიც ხომ მოძალადეები არიან. როდესაც ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პირდაპირ მოძალადეებს ემხრობა და აგულიანებს, ეს თავადაც შეგიძლიათ, შეაფასოთ რას ნიშნავს. ჩვენ არ ვეძებთ კონფრონტაციას, მაგრამ ხდება ხოლმე ყოველ ჯერზე ასეთი რამ – ჩვენ საერთოდ არ გვინდოდა არც შეხვედრის გაუქმება, არც რაღაც უარყოფითის თქმა ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრზე, მაგრამ მან დაიწყო ეს ყველაფერი. მან გააკეთა ისეთი რამ, რითაც არ დაგვიტოვა ჩვენ შანსი, რომ რეაგირება არ მოგვეხდინა,”-ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ,,პირველ არხთან” ინტერვიუში განაცხადა.