,,ამ 4 კანონს შეიძლება ვუწოდოთ დიქტატურის 4 კანონი. მათი მიზანი არის არასამთავრობო ორგანიზაციების, პოლიტიკური პარტიების და კრიტიკული მედიასაშუალებების აკრძალვა და განადგურება საქართველოში. შეუძლებელია ვენეციის კომისიას ამ კანონებთან მიმართებით სხვანაირი დასკვნა დაედო. შეიძლება ითქვას, რომ ნებისმიერი დასავლური ინსტიტუციის აზრი იქნება ერთი – თუ ქვეყანას დემოკრატიული მომავალი უწერია, ასეთი კანონპროექტები ამ ქვეყანაში არ უნდა არსებობდეს. იმიტომ, რომ შეუძლებელია წარმოვიდგინოთ ქვეყანა, სადაც არ არსებობენ ოპოზიციური პარტიები, კრიტიკული მედიასაშუალებები, არასამთავრობო ორგანიზაციები და ამ ქვეყანას ვუწოდოთ დემოკრატიული.
ხალხს აქვს თვალები. თქვენ შეიძლება გსურდეთ, რომ საქართველოში მიმდინარე პროცესებს, პროპაგანდისტული საშუალების პრიზმაში უყურებდნენ, მაგრამ ეს ხალხი ობიექტურად უყურებს. ივანიშვილმა გამოაცხადა, რომ ამ ქვეყანაში არანარი კრიტიკული ორგანიზაცია არ იარსებებს, მიიღეს შესაბამისი კანონპროექტები და გადავიდნენ ქმედებებზე. რა თქმა უნდა, ეს არის ნათელი დადასტურება იმის, რომ კანონპროექტების მიზანია ამ ქვეყანაში არ არსებობდეს არანაირი კრიტიკული, დამოუკიდებელი ორგანიზაცია. ვინც არ არის ივანიშვილისკენ და არ არის ივანიშვილის სატელიტი, ყველა უნდა განადგურდეს და გაუქმდეს,”-ამის შესახებ ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის მოადგილემ, ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.