„არ უნდა გაგვიკვირდეს ამ ტიპის განცხადებები, იმიტომ, რომ აღნიშნული კანონებით ჩვენ და საზოგადოება შეძლებს განახორციელოს კონტროლი თუ საიდან, ვისგან შემოდის საქართველოში თანხები, რომელიც იხარჯება პოლიტიკაში, იხარჯება, საზოგადოების გახლეჩის მცდელობაში, პოლარიზაციის გაღრმავებაში, ექსტრემისტული ორგანიზაციის დაფინანსებაში, იხარჯება მოძალადეების წახალისებაში, რაც ძალიან მძიმეა. შესაბამისად, ამ ყველაფერზე საზოგადოებას უნდა ჰქონდეს ინფორმაცია. ზუსტად ამიტომ არიან ასე აგრესიულად განწყობილი აღნიშნულ კანონებთან დაკავშირებით. ევროპულ ქვეყნებშიც, ამერიკაშიც აღნიშნული კანონი დიდი ხანია მუშაობს, პირიქით, საუბრობენ იმაზე, რომ კიდევ უფრო უნდა გამკაცრდეს, კიდევ უფრო გამჭვირვალე უნდა გახდეს არასამთავრობოების ფინანსური მდგომარეობა, მაგრამ საქართველოსთვის ეს არ შეიძლება. არ შეიძლება იმიტომ, რომ ისინი ვინც აფინანსებს ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალებებს და ამის რამდენჯერმე მცდელობა იყო, ახლაც, გაიხსენეთ 4 ოქტომბერს შტურმი ჰქონდათ პრეზიდენტის სასახლეზე, რა თქმა უნდა, მათ არ აქვთ სურვილი, რომ ამ ტიპის კანონები იქნეს მიღებული საქართველოში, იმიტომ, რომ ყველაფერი ცხადი იქნებოდა და ყველაფერს თავისი სახელი დაერქმეოდა. საზოგადოებამ უკვე ყველაფერი იცის თუ ვინ ვინ არის. ვინ არის ამ ქვეყნის მოყვარე და ვინ მტერი. ჩვენი პოზიცია არის მარტივი, არაერთხელ გაკეთდა განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ მზად ვართ დავსხდეთ, ვისაუბროთ, მოგვიყვანეთ არგუმენტები, თუ რატომ არის აღნიშნული კანონები ცუდი, რატომ ეწინააღმდეგება ევროპულ მომავალს, ევროინტეგრაციის პროცესს. მერწმუნეთ, არანაირი არგუმენტი არ არსებობს და დღემდე არ მოგვისმენია. 1 წელი გავიდა და იმას ვამბობთ, რომ თუკი რაიმე არგუმენტი გაგაჩნიათ, წარმოადგინეთ, რომ დავსხდეთ, ვიმსჯელოთ. შეიძლება რაღაც ჩვენ გვეშლება, რაღაც ჩვენ შეგვეშალა. გადმოვიტანეთ ამერიკული FARA-ს კანონის ანალოგი, ზუსტად იგივე, თურმე ესეც არ შეიძლება. მარტივია აქ დასკვნის გაკეთება. იმიტომ არ სურთ აღნიშნული კანონების მიღება საქართველოში, რომ საზოგადოებას პირდაპირ ექნება ინფორმაცია ვინ აფინანსებს სახელმწიფო გადატრიალებების მცდელობებს ქვეყანაში, ხელისუფლების დამხობას, სარწმუნოების, ეკლესიის, ჩვენი იდენტობის წინააღმდეგ ვინ იბრძვის, ამაზე ექნება ყველას ინფორმაცია,”- ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ვენეციის კომისიის მიერ გამოქვეყნებულ მოსაზრებასთან დაკავშირებით განაცხადა, სადაც კომისია „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონზე, „გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილებებსა და „უცხოური გავლენის შესახებ“ სხვა კანონების გაუქმებაზე საუბრობს.