„ჩვენ დიდი ხანია ვსაუბრობთ, რომ, სამწუხაროდ, ვენეციის კომისიამ აბსოლუტურად შეცვალა საკუთარი პრაქტიკა უკვე რამდენიმე წელია. მანამდე ვენეციის კომისიას ჰქონდა მკაფიოდ სამართლებრივი დასკვნები და ჩვენ უკვე რამდენიმე წელია ვხედავთ, რომ ეს არის პოლიტიკური დასკვნები და პოლიტიკური ანგარიში. ეს დასკვნა და ეს ანგარიში არის ყველაზე კარგი მაგალითი, რომ ვენეციის კომისია იქცა პოლიტიკური დასკვნების შემდგენლად და არა სამართლებრივი დასკვნების შემდგენლად. მაგალითად, როცა საუბრობენ FARA-ზე, რომელიც მოქმედებს ამერიკაში, იმასაც ვერ ბედავენ თქვან, რომ ის კანონის უზენაესობას ეწინააღმდეგებაო. ამერიკას ვერ უბედავს ვენეცია. ამბობენ, იქ კი არისო, მაგრამ საქართველოში რომ მოქმედებს, ჩვენ იმაზე ვამბობთო. იმდენი სითამამე მაინც ეყოთ რომ თქვან, ამერიკაში რაც მოქმედებს, ის ეწინააღმდეგება კანონის უზენაესობასო. ნებისმიერი იურისტისთვის ცალსახაა, რომ ეს არის პოლიტიკური დასკვნა და არანაირი კავშირი არ აქვს იმ ძირეულ ამოცანასთან, რომელიც ვენეციის კომისიას ჰქონდა სამართლებრივ დასკვნებთან დაკავშირებით. რაც შეეხება სტიგმატიზებას – რაში მდგომარეობს სტიგმატიზება ? თუ ამერიკაში არ სტიგმატიზდება, როგორ შეიძლება, ის სტიგმატიზდეს საქართველოში? რამე სხვადასხვა ჯიშის ხალხი ვართ ამერიკასა და საქართველოში, თუ რა ხდება? აბსოლუტური აბსურდია ის დასკვნა, რომ ის, რაც ამერიკაში მისაღებია, არ არის ქართველებისთვის მისაღები. თუ ასე სეგრეგაციულად უნდა შემოგვხედოს ვენეციის კომისიამ, ეს კიდევ ცალკე საკითხია,”-ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა,რითაც ,,ვენეციის კომისიის” დასკვნას გამოეხმაურა.
ცნობისთვის,ვენეციის კომისია “უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ” კანონზე, “გრანტების შესახებ” კანონში ცვლილებებსა და „უცხოური გავლენის“ შესახებ სხვა კანონებზე მოსაზრება გამოაქვეყნა.კერძოდ, საუბარია უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ კანონზე, გრანტების შესახებ კანონში შეტანილ ცვლილებებზე, მაუწყებლობის შესახებ კანონზე და პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ ორგანულ კანონზე.როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, ვენეციის კომისიამ კანონები სისტემური მიდგომით გააანალიზა, რადგან, როგორც აღინიშნება, ყველა მათგანი მიზნად ისახავს არასათანადო უცხოური გავლენის თავიდან აცილებას.