„ევროპის სახალხო პარტია“ გმობს „ქართული ოცნების“ ავტორიტარიზმისა და რუსეთის ორბიტისკენ სწრაფვას და მოითხოვს ყველა პოლიტიკური პატიმრის დაუყოვნებლივ და უპირობოდ გათავისუფლებას, ყველა რეპრესიული კანონმდებლობის აღსრულების შეჩერებას და პოლიტიკურად მოტივირებული სასამართლო პროცესების ბოროტად გამოყენებისა და საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ ტერორის დასრულებას.
პარტია მოუწოდებს ევროკავშირის ყველა წევრ სახელმწიფოს და მსგავსი შეხედულებების მქონე საერთაშორისო პარტნიორებს, გამოიყენონ საერთაშორისო ინსტრუმენტები, მათ შორის ევროპის საბჭოს GRECO და Moneyval, რათა თვალყური ადევნონ საქართველოში კორუფციისა და ფულის გათეთრების ბოლოდროინდელ გახმაურებულ საქმეებს; ხაზს უსვამს, რომ „ქართული ოცნება“ სრულად არის პასუხისმგებელი იმ შედეგებზე, რაც შეიძლება მოჰყვეს საქართველოს მოქალაქეების გარკვეული კატეგორიებისთვის უვიზო რეჟიმის შესაძლო შეჩერებას გადასინჯული 2018/1806 რეგულაციის 8ა(1)(ჰ) მუხლის შესაბამისად და მოუწოდებს ევროკომისიას, უზრუნველყოს, რომ ეს ინსტრუმენტები მიზანმიმართულად იქნას გამოყენებული პასუხისმგებელ თანამდებობზე მყოფი პირებისა და მათი ოჯახებისთვის.
პარტია მოუწოდებს „ქართულ ოცნებას“, გააუქმოს საჯაროდ გამოცხადებული განზრახვა, მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და სხვა დემოკრატიული პარტიების არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნით. მოუწოდებს „ქართულ ოცნებას“, დაადგინოს კონკრეტული თარიღი ახალი, თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტული საპარლამენტო არჩევნების ჩასატარებლად, სადაც სახელმწიფო ინსტიტუტები, მათ შორის ცენტრალური საარჩევნო კომისია, იმუშავებენ პოლიტიკური ჩარევის გარეშე და არა სახელმწიფოს მიტაცების პირობებში,”- ამის შესახებ აღნიშნულია “ევროპის სახალხო პარტიის“ რეზოლუციაში, რომელიც პარტიის პოლიტიკურმა ასამბლეამ ვილნიუსში 17 ოქტომბერს დაამტკიცა.