„სამი წელი არის სავსებით საკმარისი თითქმის ყველა სპეციალობისთვის. რა თქმა უნდა, მედიცინა და მსგავსი სპეციალობები არის გამონაკლისი. სხვა შემთხვევაში, პრაქტიკულად ყველა შემთხვევაში, არის შესაძლებელი სამ წელიწადში ბაკალავრიატის დონის განათლების მიღება და ერთ წელიწადში მაგისტრატურის დონის განათლების მიღება. ასევე, ცოტა ხანში ვგეგმავთ სხვა მიმართულებითაც გარკვეული გეგმების პრეზენტაციას და ვფიქრობთ, რომ სკოლების ნაწილშიც უნდა გადავიდეთ 11-წლიან სასწავლო პროგრამაზე, ამ მიმართულებითაც აქტიურად მუშაობს განათლების სამინისტრო.
კიდევ ერთი პრობლემა, რაც ჩვენი მხრიდან არის იდენტიფიცირებული, ეს არის ის, რომ სწავლების ხანგრძლივობა სხვადასხვა ფაკულტეტზე, სპეციალობაზე არ ეფუძნება რაიმე სიღრმისეულ ანალიზს. თავის დროზე დამკვიდრდა გარკვეული სისტემა და იმის შემდეგ არავის უფიქრია გადაეხედა სწავლების ხანგრძლივობისთვის და ამაზე გვაქვს ჩვენი პასუხი ამ კონცეფციაში.
ერთი პრობლება, რაც ასევე უნდა გამოიკვეთოს მეორე გამოწვევის ქვეშ, ეს არის ის, რომ არსებითად გაუმართავია ხარისხის მართვის სისტემა. სახელმწიფო არის პასუხისმგებელი ხარისხის უზრუნველყოფაზე უმაღლესი განათლების სისტემაში, ხარისხის მართვაზე და აქ არის უამრავი ხარვეზი. დიდწილად ფორმალურ ხასიათს ატარებს ხარისხის მართვის სისტემა და აქაც გვჭირდება სერიოზული ცვლილებები.
ძალიან ხშირად, ახალგაზრდები არჩევენ სწავლას საზღვარგარეთ უნივერსიტეტებში, შესაბამისად, ეს არსებული მდგომარეობა უმაღლესი განათლების სისტემაში ახალისებს მიგრაციასაც და ამ კუთხითაც ძალიან მნიშვნელოვანია მდგომარეობის გაუმჯობესება და გამოსწორება. მიუხედავად იმისა, რომ არის უამრავი გამოწვევა, ვფიქრობთ, რომ საშუალოვადიან პერსპექტივაში, სულ რაღაც რამდენიმე წელში უკვე ხელშესახები და არსებითი შედეგების მიღწევა იქნება შესაძლებელი უმაღლესი განათლების სისტემაში,”-ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განათლების რეფორმის პრეზენტაციისას განაცხადა.