,,უფრო მკაცრად უნდა ვიზრუნოთ სასწავლო პროგრამების შინაარსის და ხარისხის მოწესრიგებაზე. დიდწილად ფორმალურია ის საქმიანობა, რომელიც ხორციელდება ამ მიმართულებით. უფრო მკაცრად უნდა ვიზრუნოთ სასწავლო პროგრამების შინაარსის და ხარისხის მოწესრიგებაზე.
რაც შეეხება საკადრო პოლიტიკას, დღეს არავითარი მწყობრი სისტემა არ გვაქვს და უმეტეს შემთხვევაში გვყავს არასრულ განაკვეთზე დასაქმებული პროფესორები, რომლებიც, შესაბამისად, უმეტეს შემთხვევაში სხვა საქმიანობით არიან დაკავებული და შეთავსებით მუშაობენ უნივერსიტეტებში. ჩვენ ვფიქრობთ, რომ სრულიად სხვა სისტემაზე უნდა გადავიდეთ და უნივერსიტეტებში ძირითად ბირთვს უნდა შეადგენდნენ სრულ განაკვეთზე მომუშავე პროფესორ-მასწავლებლები.
ყველა მიმართულებას უნდა ჰყავდეს ერთი ლიდერი, ერთი ხელმძღვანელი, ერთი სრული პროფესორი, რომელთან ერთადაც იმუშავებს 2-3 ასოცირებული პროფესორი და 10-ზე მეტი ასისტენტ-პროფესორი და სწორედ ასე უნდა ჩამოყალიბდეს უნივერსიტეტებში პროფესორ-მასწავლებელთა ძირითადი ბირთვი და ეს პროცესი მოგცემს ჩვენ, მათ შორის უკეთესი პირობების შექმნის შესაძლებლობას პროფესორ-მასწავლებლებისთვის. დღეს თუ საშუალო ანაზღაურება არის 2 ათასი ლარი, უმაღლესი რანგის პროფესორ-მასწავლებლებისთვის ვფიქრობთ, რომ სრულ განაკვეთზე მომუშავე სრული პროფესორის მინიმალური ანაზღაურება უნდა იყოს 10 ათასი ლარი, რასაც უნდა დაემატოს ჰონორარები, რასაც პროფესორები მიიღებენ სხვადასხვა საქმიანობისთვის როგორიც არის სახელმძღვანელოების მომზადება, სტატიების მომზადება და ა.შ. ეს ყველაფერი უზრუნველყოფს ხარისხის თვისებრივად ამაღლებას უმაღლესი განათლების სისტემაში.
რაც შეეხება სხვა პედაგოგებს, მათ შეიძლება, ჰქონდეთ კონკრეტული სტატუსები, მაგრამ ისინი უნივერსიტეტებში უნდა იყვნენ დასაქმებული საათობრივ საწყისებზე და ბევრად უფრო მცირე ანაზღაურებით. აქცენტი უნდა გაკეთდეს სრულ განაკვეთზე მომუშავე პროფესორებზე.
ზოგადად, კვლევა უნივერსიტეტებში პრაქტიკულად არ წარმოებს იმ მასშტაბით, როგორც უნდა წარმოებდეს. მიზერულია კვლევის წილი საუნივერსიტეტო სისტემაში. ჩვენთან მოქმედებს მეცნიერების დაფინანსების სრულიად განცალკევებული სისტემა, რომელიც არ არის ინტეგრირებული უნივერსიტეტების მიზნებთან და ამოცანებთან და ამასაც სჭირდება ცვლილება. აკადემიურ პერსონალსაც არ აქვს მკაფიოდ განსაზღვრული ამოცანები კვლევისა და მეცნიერების სფეროში. მაგალითად, იგივე სახელმძღვანელოების მომზადების სფეროში და ა.შ. რეალურად, იშვიათად არიან დაკავებულები პროფესორ-მასწავლებლები სამეცნიერო საქმიანობით, მათ შორის, სახელმძღვანელოების მომზადებით, პროგრამების განვითარებაზე ზრუნვით და ა.შ. ამის შედეგი არის ის, რომ უმეტეს შემთხვევაში ჩვენ არ გვაქვს მაღალი ხარისხის სასწავლო პროგრამები და არ გვაქვს მაღალი დონის სახელმძღვანელოები, ხშირ შემთხვევაში ძირითად საგნებშიც კი. მაგალითად, მე ვასწავლი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კონსტიტუციურ სამართალს და ორი ძირითადი საგანი გვაქვს – კონსტიტუციური სამართალი და ადამიანის უფლებები. ამ ორიდან ერთ-ერთში საერთოდ არ არის თანამედროვე სტანდარტების სახელმძღვანელო. ამის გამოსწორება შესაძლებელია ძალიან მარტივად და ამაზეც, რა თქმა უნდა, გვაქვს ჩვენი პასუხი. მცირეა, ზოგადად, უნივერსიტეტებში სამეცნიერო დებატები, სამეცნიერო დისკუსიების მოცულობა, რაც შეიძლება თავისუფლად გამოსწორდეს, უბრალოდ ამისთვის საჭიროა მწყობრი სისტემა,”-ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განათლების რეფორმის პრეზენტაციისას განაცხადა.