კანონი აღსრულდება თითოეული სამართალდამრღვევის მიმართ. რამდენიც იქნება დასაკავებელი, იმდენი იქნება დაკავებული. რამდენიც ჩადიოდა ძალადობას იმ დღეს, რამდენიც მონაწილეობდა ძალადობრივად დამხობის მცდელობაში, ყველა იქნება დაკავებული, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განუცხადა.
მისივე თქმით, სამართალი აღსრულდება თითოეული ადამიანის მიმართ, რომელიც მონაწილეობდა დამხობის მცდელობაში.
„გავრცელებული ინფორმაცია, რომ დაკავებისას 4 წლის ბავშვს თავზე დაადეს იარაღი, არის სამარცხვინო ტყუილი. ადამიანები იმალებიან ერთი კვირის განმავლობაში, სპეცრაზმი სჭირდება როდესაც ამდენი ხნის განმავლობაში იმალებიან ადამიანები. რა თქმა უნდა, სპეცრაზმის ჩართულობაა იმისთვის საჭირო, რომ მოხდეს დაკავება. მინდა შეგახსენოთ ჩვენი გაფრთხილება. ჩვენ გავაფრთხილეთ ყველა, რომ იდენტიფიცირების საშუალება გვქონდა მეტი და არავის არ შერჩებოდა ხელისუფლების დამხობის მცდელობაში მონაწილეობა, ყველა გავაფრთხილეთ. აქედან გამომდინარე, ყველა შეეგუოს იმას, რაც ხდება, რომ სამართალი აღსრულდება თითოეული ადამიანის მიმართ, რომელიც მონაწილეობდა დამხობის მცდელობაში. ჩვენ ვაფრთხილებდით. ჩვენ ყველანაირად ვცადეთ, რომ დაგვეზღვია ეს ადამიანები ამისგან. თუმცა ისინი ჩაერთნენ დამხობის მცდელობაში. აგულიანებდნენ ამ ადამიანებს. შესაბამისად, ყველა უნდა შეეგუოს დღეს იმას, რომ კანონი აღსრულდება თითოეული სამართალდამრღვევის მიმართ. რამდენიც იქნება დასაკავებელი, იმდენი იქნება დაკავებული. რამდენიც ჩადიოდა ძალადობას, იმ დღეს რამდენიც მონაწილეობდა ძალადობრივად დამხობის მცდელობაში ყველა იქნება დაკავებული“, – განაცხადა კობახიძემ.