„ივანიშვილ-კობახიძის პოლიციურმა რეჟიმმა საზოგადოებაში საპროტესტო მუხტის ჩასახშობად და შიშის დასანერგად ძალადობის ახალი მექანიზმი აამუშავა და ყოველდღიურ, მასობრივ დაჭერებზე გადავიდა.
ეს არის ავტოკრატიული და რეპრესიული მმართველობის სამარცხვინო სახე, რომლის ყოველდღიურად გამოჩენასაც “ქართული ოცნება” აღარ ერიდება.
რეჟიმმა პოლიტიკურ ოპონენტებსა და საპროტესტო საზოგადოებას წესების გარეშე ბრძოლა გამოუცხადა და ადამიანებისთვის კონსტიტუციური უფლების შელახვის და ძალადობის გზით ცდილობს თავისუფალი აზრის ჩახშობას. ის იმდენად აპათიურ მდგომარეობაშია, რომ თვითაღიარებულ პრემიერ-მინისტრს სიხარულისთვის ისიც კი ჰყოფნის, დაკავებების და პოლიციური ოპერაციის ფონზე თქვას, რომ „უწყვეტი პროტესტის 329-ე დღეს რუსთაველი ვერ გადაიკეტა!”
ამ “სიხარულისთვის” “ოცნების” ახალმა კომენდანტმა სახე დააკარგვინა და ღირსება შეულახა ქართულ პოლიციას, რომელიც დღეს უკანონო დავალებების შემსრულებელ შეიარაღებულ ბანდად აქცია და ადამიანების დევნასთან ერთად რესპირატორული პირბადეების “დაკავება” დაავალა.
ღირსებაშელახული “სამართალდამცველების” პირისპირ ჩვენ ვხედავთ პატრიოტ, უშიშარ ახალგაზრდა ადამიანებს, რომლებიც არანაირ ზეწოლას არ ექვემდებარებიან და თავგანწირვით იბრძვიან თავისუფლებისთვის, რისთვისაც უაპელაციო მხარდაჭერას და დახმარებას იმსახურებენ.
„ძლიერი საქართველო-ლელო“ ყოველთვის მხარს უჭერდა და იდგა საპროტესტო საზოგადოების გვერდით და დღესაც სრულ მხარდაჭერას და სოლიდარობას უცხადებს რეჟიმის ტყვეებს!”-აღნიშნულ განცხადებას პარტია ,,ლელო-ძლიერი საქართველო” ავრცელებს.