თბილისის საქალაქო სასამართლომ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი, ლიკა ბასილაია-შავგულიძე ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო. საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნინო ენუქიძემ მას 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. შინაგან საქმეთა სამინისტრო მას წვრილმან ხულიგნობას და დაუმორჩილებლობას ედავებოდა. ლიკა ბასილაია-შავგულიძე 22 ოქტომბერს, პოლიციის თანამშრომლებმა რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან დააკავეს.
3-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა რეჟისორსა და „ფორმულას“ დამფუძნებელ გიორგი ლიფონავას . აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო ენუქიძემ მიიღო. ლიფონავას შსს “გზის ხელოვნურად გადაკეტვას” ედავებოდა. ის სამართალდამცავებმა 24 ოქტომბერს დააკავეს.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო, პარტია „ფედერალისტების“ წევრი თენგო კირთაძეც, რომელსაც გზის ხელოვნურად გადაკეტვას ედავებოდნენ, მოსამართლე ზვიად ცეკვავას გადაწყვეტილებით, მას 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა. ამავე პროცესზე, მოსამართლე ზვიად ცეკვავამ სტუდენტი დანი მაღრაძე და გარემოსდაცვითი განათლების სპეციალისტი ნინო ლაღიძეც ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევებად ცნო და გზის გადაკეტვისთვის 5-5 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. თბილისის საქალაქო სასამართლომ „დროას“ წევრი, ნათია ლეთოდიანი ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და 6-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა.
გამოძიება ლეთოდიანს 23 ოქტომბერს, რუსთაველის გამზირზე გზის ხელოვნურად გადაკეტვას ედავებოდა.
ამასთან, „კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთ ლიდერს, გიგა ლემონჯავას 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა. გიგა ლემონჯავა 24 ოქტომბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს. შსს მასაც გზის ხელოვნურად გადაკეტვას ედავებოდა.
სასამართლომ მსჯავრდებულ ზვიად ცეცხლაძის მამა, ზურაბ ცეცხლაძეც ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო. მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილის გადაწყვეტილებით, ზურაბ ცეცხლაძეს 7-დღიანი პატიმრობა შეეფარდა.
შსს ცეცხლაძეს რუსთაველის გამზირზე გზის ხელოვნურად გადაკეტვას ედავებოდა.