„2 დღის წინ აქ, პარლამენტში იყო ინტერპელაციის წესით, ინფრასტრუქტურის მინისტრი, რომელმაც ფაქტობრივად აღიარა. იმ დონის გამბედაობაც არ ეყო, პირდაპირ ეთქვა, რომ კორუმპირებული სამინისტრო ჩაიბარა. თავად მოიყვანა ფაქტი, რომ მუნიციპალური განვითარების ფონდის 214 მიმდინარე პროექტიდან 161 პრობლემურია და ამ პროექტების ჯამური ღირებულება 1 მილიარდ ლარს აღემატება. ამას რომ მინისტრი თავად დაადასტურებს, მე მგონი, აქ სხვა კითხვები აღარ ჩანს. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ დაახლოებით, 1 წლის წინ, ამავე დარბაზში, ეს 89 დეპუტატი ტაშს უკრავდა ირაკლი ქარსელაძეს. ტაშს უკრავდა, მიესალმებოდა, მხარს უჭერდა, რაც რა თქმა უნდა, იმას ნიშნავს, რომ პოლიტიკური პასუხისმგებლობა არა თუ მინისტრის მოადგილეზე და მინისტრზე, რა თქმა უნდა, ვრცელდება “ქართულ ოცნებაზე”. ეს ნიშნავს საპარლამენტო კონტროლის კრახს, საპარლამენტო კონტროლის და ზედამხედველობის ჩავარდნას, ტოტალურ სისტემურ კრახს. რა თქმა უნდა, ეს პასუხისმგებლობა სრულად ვრცელდება “ოცნებაზე” როგორც რეჟიმზე და ამ პასუხისმგებლობაში საპარლამენტო უმრავლესობის პასუხისმგებლობა განსაკუთრებულია. მინდა შეგახსენოთ, რომ დღევანდელი პრემიერი, რომელიც თითქოს, კორუფციას ებრძვის, იყო საპარლამენტო გუნდის ლიდერი, რომლის უშუალო მოვალეობა იყო, სათანადო ზედამხედველობა გაეწია მთავრობისთვის. ზუსტად იმ პერიოდში იყო, თუ არ ვცდები, ბატონი პაპუაშვილი ასევე პარლამენტის თავმჯდომარე.

როგორ შეიძლება, კობახიძემ ვინმე დაარწმუნოს იმაში, რომ კორუფციას ებრძვის, როცა კორუფციის სიმბოლოა კახა კალაძე. რას ფიქრობთ, კორუფცია ინფრასტრუქტურის სამინისტროში იყო და თბილისის მერიაში არ არის?! დედაქალაქის მერიაში არავინ შესულა და სათანადოდ არ დაინტერესებულა, რადგან ეს ყველაფერი შიდა კლანური დაპირისპირებაა. რა გგონიათ, კორუფციასთან რეალურ ბრძოლასთან გვაქვს საქმე?! ერთი “კლანის”, მეორით ჩანაცვლება ხდება. ღარიბაშვილ-ლილუაშვილის “კლანს” კობახიძე-კალაძის “კლანი” ანაცვლებს,”-ამის შესახებ პარტია ,,გახარია საქართველოსთვის” დეპუტატმა, გიორგი შარაშიძემ განაცხადა,რითაც გამოეხმაურა ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ქარსელაძის სახლში ჩატარებულ ჩხრეკას და ინფრასტრუქტურის მინისტრის ყოფილი მოადგილის დაკავებას.