საქართველოს პრემიერ-მინისტრმა,ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომა გამართა,სადაც სხვადასხვა საკითხზე ისაუბრა.

„პირველი სამი კვარტლის, იანვარ-სექტემბრის მონაცემებით, ეკონომიკურმა ზრდამ შეადგინა 7.7%. საერთაშორისო სავალუტო ფონდმა გაზარდა პროგნოზი 7.2%-მდე, თუმცა ამ მონაცემებიდან ჩანს, რომ სავარაუდოდ, ამ შემთხვევაშიც სავალუტო ფონდის პროგნოზს გადაჭარბებით შევასრულებთ. ამ ტემპის შენარჩუნება არის მნიშვნელოვანი ყველა თვალსაზრისით. ბუნებრივია, ეკონომიკური ზრდა იძლევა ასევე ვალუტის კურსის მყარად შენარჩუნების შესაძლებლობას. მოხარული ვართ, რომ წელს სავალუტო რეზერვები უკვე გაიზარდა 5.6 მლრდ დოლარამდე, რაც არის რეკორდული მაჩვენებელი. ეროვნულ ბანკს, ეროვნული ბანკის პრეზიდენტს კიდევ ერთხელ გადავუხდი მადლობას გაწეული საქმიანობისთვის. ბუნებრივია, ვალუტის სიმყარე არის ეკონომიკური ზრდის ტემპის სტაბილურად შენარჩუნების შედეგი. კიდევ ერთხელ გავუსვამ ხაზს ეკონომიკური ზრდის და ამ ტემპების შენარჩუნების მნიშვნელობას. გვაქვს ახალი ინიციატივებიც, რომლებიც წაადგება მომავალში ეკონომიკის განვითარებას. გვაქვს ახალი, მსხვილი ინვესტიცია, რომელიც უკვე განხორციელების ეტაპზე გადადის და ბუნებრივია, ესეც წაადგება ეკონომიკის ზრდას. მაქსიმალური ყურადღება უნდა დაეთმოს მომავალშიც ეკონომიკას და ეს იქნება ჩვენი მთავრობის საქმიანობის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი,”- განაცხადა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე.

სხდომაზე პრემიერმა ყურადღება გაამახვილა კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებით ახალ ინიციატივაზე,რომელიც უკავშირდება ბაზრის კვლევის ელექტრონული მეთოდის დანერგვას. მისი თქმით, ყველაფერი იქნება სრულად გამჭვირვალე და უზრუნველყოფილი იქნება სამართლიანი კონკურენცია. 

„ჩვენ ბევრს ვსაუბრობთ კორუფციასთან ბრძოლაზე. ამ მიმართულებით ბევრი რამ გაკეთდა გასული რამდენიმე თვის განმავლობაში. მინდა გაგიზიაროთ კიდევ ერთი ინიციატივა, რომელიც უკავშირდება ბაზრის კვლევის ელექტრონული მეთოდის დანერგვას. ეს არის ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა, რომელიც, გამორიცხავს გარიგებებს შემსყიდველ ორგანიზაციას და შესაბამის კომპანიებს შორის. ყველაფერი იქნება სრულად გამჭვირვალე, შესაბამისად, უზრუნველყოფილი იქნება სრულად სამართლიანი კონკურენცია. მთლიანად იქნება დაზღვეული შესაბამისი გარიგებები. ეს უზრუნველყოფს ხარჯეფექტიანობის გაუმჯობესებას და საბოლოო ჯამში, ეს აისახება შესრულებული სამუშაოების ხარისხზეც“, – განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძემ აღნიშნა,რომ ხელისუფლების ამბიციური მიზანია,ყველაფერი ისე გაკეთდეს ქვეყანაში,რომ საქართველომ ევროპის ქვეყნების სამეულში ადგილი დაიკავოს კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით. 

,,კიდევ ერთხელ მინდა გავიხსენო, რომ პრივატიზაციის ნაწილში პრაქტიკა მთლიანად შევცვალეთ. ყველაფერი გამოდის აუქციონზე იმისათვის, რომ მაქსიმალური სარგებელი ნახოს სახელმწიფომ და ბიუჯეტმა. ნებისმიერი პრივატიზაციიდან, კადრების ოპტიმიზაციის მიმართულებით ათეულობით მილიონი ლარი დაიზოგა წლიურ ჭრილში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. განსაკუთრებით სახელმწიფო საწარმოებში ხარჯების ოპტიმიზაციის მიმართულებით გაკეთდა ძალიან ბევრი რამ და დაახლოებით 700 მლნ არის დანაზოგი ამ ოპტიმიზაციის შედეგად რა თქმა უნდა, მომავალშიც უნდა გავაგრძელოთ მუშაობა ამ მიმართულებით და ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ ჩვენ ამბიციურ მიზანს მივაღწიოთ, რასაც ჰქვია ევროპის ქვეყნის სამეულში ადგილის დაკავება კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით. ეს არის ამბიციური, მაგრამ რეალისტური ამოცანა. ვფიქრობ, რომ იმ ნაბიჯებით, რომელიც იდგმება, ამ მიზანს აუცილებლად შევასრულებთ,”-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.