უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი ლეონიდ კუჩმა მიიჩნევს, რომ რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წამოწყებული ომი, სავარაუდოდ, დასასრულს უახლოვდება, თუმცა უკრაინელმა პოლიტიკოსებმა უკვე დაიწყეს არჩევნებისთვის მზადება.
BBC-ის უკრაინულ სამსახურთან ვრცელ წერილობით ინტერვიუში კუჩმამ, რომელიც ბოლო წლებში იშვიათად ესაუბრებოდა ჟურნალისტებს, არა მხოლოდ საკუთარი ხედვა გაუზიარა მკითხველს უკრაინის პოლიტიკასა და ბრძოლის ველზე არსებულ ამჟამინდელ მდგომარეობაზე, არამედ კომენტარი გააკეთა მისი პრეზიდენტობის კონკრეტულ ეტაპებზე.
უკრაინის ისტორიაში ერთადერთი პრეზიდენტი, რომელმაც მეორე ვადით დაიკავა უკრაინის პირველი პირის თანამდებობა, ამბობს, რომ დღეს კიევში ცხოვრობს და რუსული არმიის მიერ ქალაქის რეგულარულ მასობრივ დაბომბვას ადარებს ნაცისტების მიერ ჩაიკინოს, კუჩმას მშობლიური სოფლის, დაბომბვას ჩერნიგოვის რეგიონში.
„ბავშვობიდან „ფსიქოლოგიურად მზად“ ვიყავი [მასშტაბური დაბომბვისთვის]. ჩემი ბავშვობის „ბომბდამშენ-თავშესაფარი“ სარდაფი იყო სადაც ყოველდღიურად მიწევდა ყოფნა“, – იხსენებს ყოფილი პრეზიდენტი.
ინტერვიუში კუჩმა იმაზე მსჯელობს შესაძლო სცენარებზეც – მიმდინარე ომის დასასრული თუ მესამე მსოფლიო ომის დასაწყისი. პოლიტიკოსი მიიჩნევს, რომ სავარაუდოდ ომი დასასრულს უახლოვდება.
„როგორც უკრაინელს, მე მჯერა ჩვენი არმიის ძალის და როგორც რაკეტების სპეციალისტმა, ვიცი ბირთვული შეკავების ძალის შესახებ. ამიტომ, ჩვენი ომი აუცილებლად დასრულდება ოდესმე, მაგრამ მესამე მსოფლიო ომი, რომელიც მხოლოდ ბირთვული შეიძლება იყოს, ნაკლებად სავარაუდოა, რომ დაიწყოს“.
შეგახსენებთ, რომ რუსული ჯარების მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ პირველივე დღეებში კუჩმამ, პრეზიდენტის თანამდებობაზე მის წინამორბედ ლეონიდ კრავჩუკთან (რომელიც 2022 წლის მაისში გარდაიცვალა) და სახელმწიფოს შემდეგ მეთაურთან, ვიქტორ იუშჩენკოსთან ერთად, ხელი მოაწერეს მიმართვას, რომელშიც უკრაინის გამარჯვებისადმი ნდობა გამოთქვეს.