ლი ჰარვი ოსვალდი, რომელიც აშშ-ის 35-ე პრეზიდენტის, ჯონ ფიცჯერალდ კენედის მკვლელობის საქმეში ერთ-ერთ მთავარ ფიგურანტად იქცა, 1939 წლის 18 ოქტომბერს ნიუ-ორლეანში დაიბადა.

ბავშვობიდანვე ოსვალდი ხასიათდებოდა ჩაკეტილობითა და დამოუკიდებელი ბუნებით. 1955 წელს, როცა ის მხოლოდ 16 წლის იყო, ჩაირიცხა ამერიკის საზღვაო ქვეითებში. ახალგაზრდას სურდა სნაიპერი გამხდარიყო, თუმცა მიზანში სროლის გამოცდაზე საჭირო ქულები ვერ მოაგროვა.

1957 წელს ოსვალდმა სამსახური განაგრძო ამერიკის საჰაერო ძალებში. ამ პერიოდში ის გაგზავნეს იაპონიაში, საიდუმლო სამხედრო ბაზაზე, საიდანაც ხორციელდებოდა სადაზვერვო ფრენები საბჭოთა კავშირისა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მიმართულებით.

1958 წელს იგი მსახურობდა კალიფორნიაში, თუმცა დედის ავადმყოფობის გამო იძულებული გახდა, სამხედრო კარიერაზე უარი ეთქვა. მალევე ევროპაში გაემგზავრა და ჰელსინკის გავლით ჩავიდა საბჭოთა კავშირში.

ოსვალდი 1959 წლის 16 ოქტომბერს უკვე მოსკოვში იმყოფებოდა. მეორე დღესვე საბჭოთა მოქალაქეობის მისაღებად განცხადება შეიტანა. საბჭოთა მთავრობა ეჭვის თვალით უყურებდა ამერიკელს. ფიქრობდნენ, რომ შესაძლოა ის აშშ-ის აგენტი ყოფილიყო. ამიტომ ერთი წლის განმავლობაში მას მუდმივად უთვალთვალებდნენ.

1960 წელს ოსვალდი მინსკში გაამწესეს. აქ იგი მეტალურგიის ქარხანაში მუშაობდა და თვეში 700 რუბლს იღებდა. მიუხედავად გარეგნულად მშვიდი ცხოვრებისა,  მალე ამერიკაში დაბრუნება გადაწყვიტა.

თუმცა წასვლამდე, 1961 წელს, მან გაიცნო 19 წლის სტუდენტი მარინა პრუსაკოვა, რომელთანაც მალევე დაქორწინდა. 1962 წელს მათ შეეძინათ ქალიშვილი. იმავე წელს ოჯახმა დატოვა საბჭოთა კავშირი და დაბრუნდა შეერთებულ შტატებში.

ამერიკაში ოსვალდმა მუშაობა დაიწყო ერთ-ერთ ყავის კომპანიაში. მას კვლავ ინტერესებდა იარაღი და ნადირობა — ინტერესები, რომლებიც მოგვიანებით ტრაგიკული მოვლენების წინაპირობად იქცა.

1963 წლის 22 ნოემბერს მსოფლიო შეძრა ამბავმა — დალასში მოკლეს აშშ-ის პრეზიდენტი ჯონ კენედი. სულ მალე სამართალდამცველებმა დააკავეს ლი ჰარვი ოსვალდი, როგორც მთავარი ეჭვმიტანილი.

24 ნოემბერს, მისი საპატიმროში გადაყვანისას, ღამის კლუბის მეპატრონემ, ჯეკ რუბიმ, იგი ჩაცხრილა ტელეკამერების წინ.

საინტერესოა, რომ ფედერალური ბიურო (FBI) წინასწარ აფრთხილებდა დალასის პოლიციას ოსვალდის შესაძლო მკვლელობის შესახებ, თუმცა დაცვა ვერ უზრუნველყვეს. ბიუროს დირექტორის, ედგარ ჰუვერის ჩანაწერებით, ბიუროს დალასის ოფისში დარეკა კაცმა, რომელმაც მშვიდად განაცხადა, რომ იმ ჯგუფის წევრი იყო, რომელიც ოსვალდის ლიკვიდაციას გეგმავდა.

მიუხედავად უსაფრთხოების ზომებისა, სამართალდამცველებმა ოსვალდის სიცოცხლე ვერ დაიცვეს. სასამართლო პროცესზე ჯეკ რუბიმ განაცხადა, რომ შურისძიებით იხელმძღვანელა — კენედის მკვლელობის გამო სურდა სამართლიანობის აღდგენა და, როგორც თვითონ ამბობდა, „ჟაკლინ კენედის თავიდან ააცილა ოსვალდის სასამართლოზე ხილვა“.

მკვლელობიდან ერთ კვირაში პრეზიდენტმა ლინდონ ჯონსონმა შექმნა სპეციალური კომისია, რომელსაც უნდა დაედგინა, რა მოხდა სინამდვილეში. კომისიის თავმჯდომარედ დაინიშნა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ერლი უორენი.

გამოძიების ფედერალურმა ბიურომ დაკითხა 25 ათასი ადამიანი, საიდუმლო სამსახურმა — 1 550, ხოლო თავად კომისიამ 552 მოწმეს ჩამოართვა ჩვენება. ათი თვის შემდეგ კომისიამ გამოაქვეყნა ვრცელი დასკვნა, რომლის მიხედვითაც პრეზიდენტი კენედი მოკლა ლი ჰარვი ოსვალდმა, რომელიც მარტო მოქმედებდა და თანამზრახველები არ ჰყოლია.

თუმცა კომისიის დასკვნამ საზოგადოებაში ეჭვები ვერ გაფანტა. მრავალი თეორია გაჩნდა — ზოგი მიიჩნევს, რომ ოსვალდი მარტო არ მოქმედებდა, სხვები კი ფიქრობენ, რომ თავად ის გახდა შეთქმულების მსხვერპლი. ეჭვებს აძლიერებდა ის გარემოებაც, რომ ოსვალდის სხეულზე დენთის კვალი არ აღმოჩნდა — ქიმიურმა ანალიზმა უარყოფითი შედეგი აჩვენა.

ასე იქცა ლი ჰარვი ოსვალდი ამერიკის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მისტიკურ ფიგურად — კაცად, რომელიც ან სამუდამოდ დაამახსოვრა თავი როგორც მკვლელმა, ან ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე დაუდგენელი შეთქმულების მსხვერპლმა.