„არ მგონია, რაიმე განსაკუთრებული არჩევანის გაკეთება მოგვიწიოს. ჩვენ გვაქვს პროდასავლური ხედვა და ჩვენი მიზანია, გავხდეთ ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი. ეს ძალიან სტრატეგიული და ძალიან მკაფიო მიზანია. ვფიქრობ, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირმა გამოიყენოს საქართველოს როლი აღმოსავლეთთან თანამშრომლობის გაფართოებისთვის. ამჟამად, ხედავთ, რომ ევროკავშირი უზარმაზარი ეკონომიკური პრობლემების წინაშე დგას. 2008 წელს ევროკავშირის წილი მსოფლიო ეკონომიკაში 30 პროცენტი იყო, ახლა კი მხოლოდ 17.5 პროცენტია. ასე რომ, ხედავთ, რამდენად მწვავეა ეკონომიკური პრობლემები ევროკავშირისთვის. 2021 წლიდან კი ევროკავშირს არ აქვს წვდომა რუსეთის ბაზარზე, რომელიც ევროკავშირისთვის ეკონომიკურად მნიშვნელოვანი ბაზარი იყო, მათ ასევე დაკარგეს წვდომა იაფ ბუნებრივ რესურსებზე. ამ სიტუაციაში, რა თქმა უნდა, ევროკავშირი უნდა შეეცადოს, გააფართოოს ეკონომიკური თანამშრომლობა აღმოსავლეთთან, აზიის ბაზართან და საქართველოს შეუძლია ამ მხრივ ძალიან მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს ევროკავშირისთვის. ამგვარად, არა მხოლოდ საქართველოს შეუძლია მიიღოს სარგებელი ევროკავშირში გაწევრიანებით, არამედ, მე მჯერა, რომ ევროკავშირსაც შეუძლია, მიიღოს სარგებელი საქართველოს წევრობით კავშირში. სწორედ ამიტომ, იმედი მაქვს, რომ საბოლოოდ მიღებული იქნება პრაგმატული გადაწყვეტილებები საქართველოს საკითხთან დაკავშირებით.
ჩვენ არსებითად პროდასავლურად ვართ განწყობილნი, როგორც მთავრობა, ასევე როგორც ხალხი. საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვებს თუ გადავხედავთ, სამწუხაროდ, ევროპული ბიუროკრატიის ბოლოდროინდელმა ქმედებებმა ცოტათი შეარყია ხალხის ნდობა ევროკავშირის მიმართ, მაგრამ მხარდაჭერა მაინც ძალიან მაღალია და ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ეს განწყობა შევინარჩუნოთ ქართულ საზოგადოებაში, შევინარჩუნოთ პოზიტიური დამოკიდებულება ევროკავშირის მიმართ, ევროპული ბიუროკრატიის ყველა ამ უსამართლო ქმედების მიუხედავად. ამიტომაც შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ არა მხოლოდ საქართველოს მთავრობა, არამედ ქართველი ხალხიც მკვეთრად პროდასავლურია. ჩვენ დასავლური კულტურის ნაწილი ვართ, ჩვენ ევროპული კულტურის ნაწილი ვართ. ამიტომაც გვაქვს ძალიან მკაფიო ხედვა ამ მხრივ. კიდევ ერთხელ, თუ ევროპული ბიუროკრატია შეცვლის თავის დამოკიდებულებას საქართველოს მიმართ, ვფიქრობ, ყველაფერი შეიძლება გამოსწორდეს და ჩვენ საბოლოოდ შეგვიძლია, გავხდეთ ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრები 2030 წლისთვის. ეს საკმაოდ რეალისტურია,”-ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ TRT WORLD-თან ინტერვიუში განაცხადა.