„ლევან ბეჟაშვილი ის პიროვნებაა, რომელიც იმ ხელისუფლებას წარმოადგენდა, რომელიც აწამებდა და ეს წამების სისტემურობა სტრასბურგის სასამართლომ დაუდგინა. არაერთი საქმეა კიდევ, რომელიც სტრასბურგის სასამართლოში წაიღეს და აბსოლუტურად უპერსპექტივო გამოდგა. იგივე მოხდება ახლაც ამ სასამართლოსთან დაკავშირებით – აქ იქნება თუ სტრასბურგში, აუცილებლად გაიხსენებენ ყველა იმ დანაშაულს, რომელიც „ნაცმოძრაობას” ჩადენილი აქვს. მაგრამ აქ კიდევ ერთი საგანგებოდ მნიშვნელოვანი, სკანდალური თემა იკვეთება – ეს გადაწყვეტილება, რომ სასამართლოში უნდა უჩივლონ „ქართულ ოცნებას”, უცხოელმა მეგობრებმა უკარნახეს. თვითონ სასამართლოში დავა პირიქით კარგია იმ შემთხვევაში, როცა სიმართლის დადგენა გინდა, მაგრამ როცა ამას ის ფუნდამენტი და საფუძველი აქვს, რომელზეც ბეჟაშვილი საუბრობს, ნიშნავს, რომ ეს ადამიანები არიან ჩამოყალიბებული როგორც საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ მებრძოლთა ჯგუფის წარმომადგენლები. ამაში მხარდაჭერას საზღვარგარეთ ეძებენ. ეს რეალობა სამწუხარო ფაქტია, თორემ სასამართლოში საქმის განხილვა უცხო არ არის და საერთოდ დემოკრატიული სამყაროს ფუნდამენტია.მათ სხვა მიზანი და გეგმა აქვთ – ამ გეგმაში ერთ-ერთი მთავარი რესურსი საზოგადოებაში დაპირისპირების შექმნაა, მაგრამ მთავარი მაინც საქართველოში მარიონეტული ხელისუფლების მოსვლაა, რომელიც დაემორჩილება. სასამართლოს მიმართულებით და ფინანსური პოლიტიკური წახალისების თვალსაზრისით შეგვიძლია ვიფიქროთ, რომ ეს ამ პოლიტიკის რეალიზაციის ერთ-ერთი სეგმენტია. ბეჟაშვილი ამ შემთხვევაში თავად არაფერს წარმოადგენს, მაგრამ გამოავლენს იმ პოლიტიკურად წოდებული ჯგუფის ხასიათს, რომელიც საკუთარ ქვეყანას უპირისპირდება,”-ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა, რითაც ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომ „ქართული ოცნების” წინააღმდეგ საკონსტიტუციო სამართალწარმოების პროცესს იწყებენ.