გიორგი ბაჩიაშვილი: „შეიძლება მსოფლიოში პირველი ვიყო, ვისაც გვირაბში გაჭედილი ტექნიკის გამო სდებენ ბრალს“

„მტკვარი ჰესის“ საქმეზე ბრალდებულმა და „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილმა ხელმძღვანელმა გიორგი ბაჩიაშვილმა სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს და წარდგენილ ბრალდებებს რეალურ საფუძვლად არ თვლის. მისი თქმით, ის შესაძლოა საქართველოში და  საერთაშორისო დონეზე პირველი მაგალითი იყოს, ვისაც პასუხისგებაში გვირაბში გაჩერებული სამუშაო მანქანის გამო მისცემენ.

შეგახსენებთ, საქმეზე არსებითი განხილვა დღეს დაიწყო, სადაც მხარეებმა შესავალი სიტყვები წარმოადგინეს.

დაცვის მხარის ადვოკატის, ლევან მახარაშვილის განცხადებით, „მტკვარი ჰესის“ მშენებლობა წლების წინ უნდა დასრულებულიყო, თუმცა პროცესი ობიექტური გარემოებების — COVID-პანდემიისა და მეწყრული პროცესების — გამო გაჭიანურდა. სწორედ მეწყერმა გამოიწვია გვირაბში საბურღი ტექნიკის გაჭედვაც.

გიორგი ბაჩიაშვილის განმარტებით, მის მიმართ წარდგენილი ბრალდება არ უკავშირდება დანაშაულებრივ ქმედებას. მისი თქმით, პროექტს დამოუკიდებელი საინჟინრო კომპანია უწევდა ზედამხედველობას, რომელიც ამოწმებდა ყველა საინჟინრო დოკუმენტსა და გეოლოგიურ მონაცემს.

„ბრალდება არ შეესაბამება რეალობას. თავს დამნაშავედ არ ვთვლი და ვფიქრობ, შესაძლოა ეს იყოს უპრეცედენტო შემთხვევა, როცა გვირაბში გაჩერებული ტექნიკის გამო ხდება ადამიანის პასუხისმგებლობაში მიცემა,“ — განაცხადა ბაჩიაშვილმა.