მესამე რაიხის ახალგაზრდა ქალთა ჯგუფი მეორე მსოფლიო ომის ბოლო ორ-ნახევარი წლის განმავლობაში ჰიტლერის საკვების დეგუსტატორები იყვნენ. ფიურერი მოითხოვდა, რომ მისთვის მომზადებული საჭმელი პირველად ამ სუფთა სისხლის გერმანელ ქალებს გაესინჯათ, იმ შემთხვევისთვის, თუ საკუთარი გარემოცვიდან ვინმე მის მოწამვლას შეეცდებოდა. ქალების ეს როლი დიდ პატივად აღიქმებოდა – ამ გზით ისინი სამშობლოს ემსახურებოდნენ.

ახალგაზრდა ქალების გამოცდილების გამაოგნებელი ამბავი მხოლოდ 2013 წელს, მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც 95 წლის მარგო ვოლკმა გერმანულ ჟურნალ ‘’Der Spiegel’’-თან ინტერვიუს დროს თავისი წარსული საქმიანობის შესახებ ისაუბრა. მას შემდეგ კი თეატრის სცენაზე გამოჩნდა მიშელ ხოლოს ბრუკსის პიესა, ‘’ჰიტლერის დეგუსტატორები’’, სადაც რეჟისორი წარმოიდგენს, რა გრძნობა იქნებოდა ყოველი ლუკმის გადაყლაპვისას სიკვდილის მოლოდინით ცხოვრება.

სპექტაკლში მხოლოდ ქალი მსახიობები მონაწილეობენ და ის, ძირითადად, ოთხი გოგოს შესახებ მოგვითხრობს. თუმცა, სინამდვილეში, ფიურერის საკვებს თხუთმეტამდე დეგუსტატორი სინჯავდა. ეს ქალები აღმოსავლეთ პრუსიაში ჰიტლერის საფრონტო შტაბის, ‘’მგლის ბუნაგის’’ გვერდით მდებარე სკოლის შენობაში ცხოვრობდნენ.

 

ისიც უნდა ითქვას, რომ, ერთი მახასიათებლით მაინც, ამ გოგოების ომისდროინდელი ყოფა ბევრი სხვა ადამიანის გამოცდილებაზე გაცილებით უკეთესი იყო – 1944 წლისთვის, როდესაც გერმანიაში ბევრი ადამიანი შიმშილის ზღვარზე იმყოფებოდა, მათ დღეში სამჯერადი კვება გარანტირებული ჰქონდათ. რა თქმა უნდა, საკვები ვეგეტარიანული იყო – ცნობილია, რომ ჰიტლერი ხორცს არ ჭამდა. ვოლკის თქმით, მათ ბოსტნეულს, ბრინჯს, სპაგეტის და ეგზოტიკურ ხილს აჭმევდნენ, რაც იმ დროისათვის იშვიათობა იყო. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ საკვები “კარგი იყო, ძალიან კარგიც”, მან ისიც აღნიშნა, რომ მისი ჭამით სიამოვნებას ვერ იღებდნენ.