გაერთიანებულმა სამეფომ, გერმანიამ და საფრანგეთმა შეიმუშავეს წინადადება, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების 28-პუნქტიანი „სამშვიდობო გეგმის“ ალტერნატიულ ვარიანტად განიხილება. ”Reuters”-ის მიხედვით დოკუმენტი უკრაინის შეიარაღებული ძალების რაოდენობის 800 000 სამხედრო მოსამსახურემდე შეზღუდვასა და მოლაპარაკებების დაწყებას შეხების ხაზიდან ითვალისწინებს.
გამოცემისთვის ცნობილი ტექსტის მიხედვით, შეთანხმების ფარგლებში უნდა დადასტურდეს უკრაინის სუვერენიტეტი და დაიდოს თავდაუსხმელობის სრული შეთანხმება უკრაინასა და რუსეთს შორის, ასევე ნატოსა და რუსეთს შორის. გეგმაში აღნიშნულია, რომ მშვიდობის ხელმოწერის შემდეგ დაიწყება რუსეთ–ნატოს დიალოგი უსაფრთხოების საკითხებზე.
დოკუმენტში წერია, რომ
-
უკრაინა მიიღებს „მტკიცე უსაფრთხოების გარანტიებს“;
-
მშვიდობიან პერიოდში უკრაინის სამხედრო ძალები 800 000-მდე შემცირდება;
-
ქვეყნის ნატოში გაწევრიანება დამოკიდებული იქნება ალიანსის წევრთა კონსენსუსზე, რომელიც ამ ეტაპზე არ არსებობს.
ევროპული წინადადება ასევე ითვალისწინებს, რომ ნატო მშვიდობიან პერიოდში უკრაინაში მუდმივ სამხედრო კონტინგენტს არ განათავსებს, ხოლო ალიანსის გამანადგურებლები პოლონეთში განლაგდება. აშშ-ის მიერ შეთავაზებული უსაფრთხოების გარანტია ნატოს მე-5 მუხლის პრინციპს ეყრდნობა. დათქმულია, რომ თუ უკრაინა რუსეთში შეიჭრება, გარანტია ძალას დაკარგავს.
რუსეთის მხრიდან შესაძლო ახალი აგრესიის შემთხვევაში, ძალაში შევა ძლიერი კოორდინირებული სამხედრო პასუხი, სრულად აღდგება გლობალური სანქციები და გაუქმდება ყველა სარგებელი, რომელიც შეთანხმებით იქნება გათვალისწინებული.
დოკუმენტის მიხედვით, უკრაინა:
-
მიიღებს ევროკავშირის მოკლევადიან პრივილეგირებულ ბაზარზე წვდომას;
-
მიიღებს ფართომასშტაბიან რეკონსტრუქციის პაკეტს, მათ შორის განვითარების ფონდის შექმნასა და მაღალი ტექნოლოგიების სფეროში ინვესტირებას.
აშშ და უკრაინა ერთობლივად იმუშავებენ ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის აღდგენასა და მოდერნიზაციაზე.
ევროპული წინადადება ასევე მოითხოვს რუსეთის ეტაპობრივ რეინტეგრაციას გლობალურ ეკონომიკაში, სანქციების ეტაპობრივი მოხსნის გზით, და ქვეყნის „დიდ რვიანში“ დაბრუნებას.
დოკუმენტში წერია, რომ უკრაინა უნდა აღდგეს და მიიღოს ფინანსური კომპენსაცია, მათ შორის რუსეთის გაყინული სუვერენული აქტივებით. შეიქმნება ერთობლივი უსაფრთხოების სამუშაო ჯგუფი – აშშ-ის, უკრაინის, რუსეთისა და ევროპის მონაწილეობით. რუსეთს დაევალება, კანონით დააფიქსიროს თავდაუსხმელობის პოლიტიკა უკრაინასა და ევროპასთან.
გეგმაში შედის ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის მოქმედი შეთანხმებების გაგრძელება, ხოლო უკრაინა დარჩება არაბირთვულ სახელმწიფოდ.
დოკუმენტის ერთ-ერთი პუნქტით, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური ხელახლა ამოქმედდება ზედამხედველობით, ხოლო გამომუშავებული ენერგია რუსეთსა და უკრაინას შორის თანაბრად განაწილდება.
ტერიტორიული საკითხები
ტექსტის მიხედვით, უკრაინა იღებს ვალდებულებას, რომ ოკუპირებულ სუვერენულ ტერიტორიას სამხედრო გზით არ დაიბრუნებს. ტერიტორიული მოლაპარაკებები დაიწყება მიმდინარე კონტაქტის ხაზიდან. მიღწეული შეთანხმებების ძალისმიერად შეცვლა აკრძალული იქნება.
რუსეთი ვალდებული იქნება, არ შეუშალოს ხელი დნეპრის და შავი ზღვით მარცვლეულის ტრანსპორტირების კომერციულ საქმიანობას.
ჰუმანიტარული საკითხები
შეთანხმების ფარგლებში შეიქმნება ჰუმანიტარული კომიტეტი, რომელიც უზრუნველყოფს ყველა ტყვისა და ცხედრის გაცვლას „ყველა ყველაზე“ პრინციპით, მძევლების – მათ შორის ბავშვების – დაბრუნებას და ოჯახების გაერთიანების პროგრამის ამოქმედებას.
მშვიდობის ხელმოწერის შემდეგ უკრაინამ რაც შეიძლება მალე უნდა ჩაატაროს არჩევნები. შეთანხმების შესრულებას გაუწევს კონტროლს მშვიდობის საბჭო, რომელსაც დონალდ ტრამპი უხელმძღვანელებს. მისი დარღვევისთვის გათვალისწინებულია სანქციები.
როგორც დოკუმენტში აღნიშნულია, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ძალაში შევა მაშინვე, როცა მხარეები შეთანხმებულ პირობებზე გადავლენ, ხოლო მოდელირებისა და კონტროლის პროცესი აშშ-ის ზედამხედველობით წარიმართება.