საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს დღეს პარლამენტში ინტერპელაციის ფორმატში უსმენენ. პრემიერ-მინისტრი პარლამენტში ფრაქცია „ქართული ოცნების“ ინიციატივით მიიწვიეს. ინტერპელაციის ორი ძირითადი თემა არის:
-
დაგეგმილი განათლების რეფორმა
-
კომპანია Eagle Hills-ის $6.5 მლრდ-იანი საინვესტიციო პროექტი
საკითხების განხილვა Eagle Hills-ის პროექტით დაიწყო.
კობახიძე: „არავითარი ქართული მიწა უცხოელებზე არ იყიდება“
პრემიერმა პარლამენტის ტრიბუნიდან აღნიშნა, რომ Eagle Hills-ის პროექტთან დაკავშირებული ბრალდებები და მტკიცებები ოპოზიციის მხრიდან „იაფფასიანი სპეკულაციებია“.
მისი თქმით, პროექტი ჯამში დაახლოებით 850 ჰექტარ ტერიტორიაზე ხორციელდება:
-
კრწანისის ტერიტორია — დაახლოებით 600 ჰექტარი,
-
გონიოს ტერიტორია — დაახლოებით 250 ჰექტარი.
კობახიძის განცხადებით, ოპოზიცია მოქალაქეებს მიზანმიმართულად უქმნის მცდარ წარმოდგენებს, მათ შორის — მონაკოსთან შედარების გზით.
„ამბობენ, რომ ეს არის მონაკოზე ოთხჯერ მეტი ტერიტორია. მონაკო ყველაზე პატარა სახელმწიფოებს შორის არის ერთ-ერთი უმცირესი და კრწანისის მასშტაბებთან მისი შედარება ცალსახად სპეკულაციურია. კრწანისის ფართობი თბილისის მთლიან ფართობთან შედარებით 120-ჯერ ნაკლებია“, — განაცხადა პრემიერმა.
მისივე თქმით, მიწის გასხვისების შესაძლებლობა არ არსებობს:
„მიწის ნაკვეთების თანამესაკუთრედ სახელმწიფო რჩება. პარტნიორ კომპანიას მიწის გასხვისების არავითარი შესაძლებლობა არ აქვს — მიწა შეიძლება გამოყენებულ იქნას მხოლოდ დეველოპერული პროექტის განხორციელებისთვის.”
„კრწანისის ტყე-პარკი რეაბილიტაციას ისედაც საჭიროებდა“
ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ტყე-პარკის რეაბილიტაციისთვის თბილისის მერიას უკვე ჰქონდა წინასწარი გათვლები და სამუშაოების სავარაუდო ღირებულება 158 მილიონი ლარი უნდა ყოფილიყო, რაც სახელმწიფოს ბიუჯეტიდან დაიხარჯებოდა.
„რეალურად, რაც უნდა დაეხარჯა ბიუჯეტს, იმას გააკეთებს კომპანია Eagle Hills. არათუ არსებული მწვანე ზონა არ შემცირდება, პირიქით — გაიზრდება“, — აღნიშნა მან.
პრემიერის თქმით:
-
კრწანისის ტყე-პარკი მძიმე მდგომარეობაშია 1990-იანი წლებიდან და რეაბილიტაციას ისედაც საჭიროებდა;
-
გონიო დღეს მწვანე ნარგავებით თითქმის არ არის დაფარული და პროექტი ამ ტერიტორიაზეც შექმნის ახალ მწვანე სივრცეებს;
-
რეაბილიტაციის შემდეგ ტერიტორიები გახდება სრულად ხელმისაწვდომი მოქალაქეებისთვის.
„ეკოლოგიის ნაწილშიც ყველა პროცედურა იქნება დაცული — გარემოს ეროვნული სააგენტო ჩაატარებს სტრატეგიულ გარემოსდაცვით შეფასებას და უზრუნველყოფილია საჯარო განხილვებიც“, — განაცხადა კობახიძემ.
კომერციული საიდუმლოებისა და კონფიდენციალური ხელშეკრულებების საკითხი
პრემიერმა განმარტა, რომ Eagle Hills-ის კონტრაქტის კონფიდენციალურობა კანონმდებლობისა და საერთაშორისო პრაქტიკის ფარგლებშია და ეს პარტნიორი კომპანიის „წმინდა კომერციული ინტერესით“ არის განპირობებული.
კობახიძის თქმით, ეს პრაქტიკა რიგითი მოვლენა არა მხოლოდ ამ პროექტში, არამედ სხვა სახელმწიფო ხელშეკრულებებშიცაა:
-
ბოლო 10 წლის განმავლობაში მხოლოდ ეკონომიკის სფეროში გაფორმებულ 1554 ხელშეკრულებას აქვს კომერციული საიდუმლოს სტატუსი, მათ შორის — ანაკლიის პორტის პროექტს;
-
2020 წელს, პანდემიის პერიოდში, ჯანდაცვის მიმართულებით გაფორმებული 10 ხელშეკრულებაც, მათ შორის Pfizer-თან, Sinopharm-თან და Sinovac-თან, კომერციული საიდუმლო იყო.
პრემიერმა Eagle Hills-ს „მაღალი საერთაშორისო რეპუტაციის მქონე კომპანია“ და „დუბაის სასწაულის შემქმნელი“ უწოდა.