ირაკლი კობახიძის მიერ წარმოდგენილი განათლების რეფორმის ძირითადი მიმართულებები
პარლამენტში, ინტერპელაციის წესით მოსმენისას, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ქვეყანაში უმაღლესი და ზოგადი განათლების სისტემის გარდაქმნის ხედვა წარადგინა. მისი თქმით, არსებული მდგომარეობა მოითხოვს რადიკალურ გადახედვას, ხარისხის გაჯანსაღებასა და რესურსების ეფექტიან გამოყენებას.
„ერთი ქალაქი – ერთი ფაკულტეტის“ კონცეფცია
კობახიძის განცხადებით, ერთ-ერთი მთავარი პრობლემა არის რესურსების არაეფექტიანი გამოყენება და ფაკულტეტების ხარისხის უთანაბრობა. ამის გამოსასწორებლად მთავრობა განიხილავს პრინციპის დანერგვას — „ერთი ქალაქი – ერთი ფაკულტეტი“.
მის განცხადებით, დღეს ერთი და იგივე სპეციალობა თბილისის რამდენიმე სახელმწიფო უნივერსიტეტში სხვადასხვა ხარისხით ისწავლება, რაც საშუალებას არ აძლევს სისტემას, მიაღწიოს მაღალ სტანდარტებს. ოპტიმიზაციის შემთხვევაში შესაძლებელი იქნება სწავლების დონის ევროპულ სტანდარტებთან მიახლოება.
თბილისისა და ქუთაისის თანაბარი ფუნქციონირება
პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ თბილისმა და ქუთაისმა უნდა შეძლოს ყველა სპეციალობის დაფარვა. თბილისიდან კონკრეტული ფაკულტეტების ქუთაისში გადატანა არ იგეგმება.
სტუდენტების გეოგრაფიული გადანაწილების იდეალური მოდელი მისი თქმით დაახლოებით ასეთია:
-
თბილისი — 60 000 სტუდენტი
-
ქუთაისი — 30 000 სტუდენტი
-
რეგიონები — 15 000 სტუდენტი
რეგიონული უნივერსიტეტები უფრო პროფილურად უნდა განვითარდეს — აგრარული, პედაგოგიური და სხვა მიმართულებით.
საგრანტო დაფინანსების მოდელის შეცვლა
კობახიძემ ხაზი გაუსვა, რომ დღევანდელი სამაგისტრო მოდელი — 2250 ლარი თითო სტუდენტზე, არ ასახავს რეალურ საჭიროებებს. მიუხედავად ინფლაციისა და პროგრამების განსხვავებული ხარჯების, ის წლების განმავლობაში არ შეცვლილა.
მომავალში დაგეგმილია დაკვეთებზე დაფუძნებული დაფინანსების სისტემა, რომელიც გაითვალისწინებს:
-
კონკრეტული სპეციალობების ღირებულებას
-
სამუშაო ბაზრის მოთხოვნებს
-
უნივერსიტეტების საჭიროებებს
შრომის ბაზრის ანალიზი და სპეციალობების წონასწორობა
კობახიძის თქმით, დღეს ქვეყანაში გვაქვს იურისტებისა და ეკონომისტების სიჭარბე, ტექნიკურ და ტექნოლოგიურ მიმართულებებში კი სერიოზული დეფიციტია.
ამიტომ, მთავრობის ხედვა მოიცავს:
-
შრომის ბაზრის სიღრმისეულ კვლევას
-
მიღების კვოტების ამ კვლევაზე დაფუძნებას
-
ეკონომიკისა და განათლების სამინისტროების ერთობლივ მუშაობას
-
კერძო სექტორის აქტიურ ჩართულობას
კვლევითი ინსტიტუტების ინტეგრაცია უნივერსიტეტებთან
პრემიერი აცხადებს, რო დღეს კვლევა და სწავლება ერთმანეთთან ფორმალურადაა დაკავშირებული. საჭიროა:
-
კვლევითი ინსტიტუტების სრულფასოვანი ინტეგრაცია უნივერსიტეტებში
-
კვლევის დაფინანსების მოდელის შეცვლა
-
თანამედროვე სახელმძღვანელოებისა და პროგრამების შექმნა
ზოგადი განათლება: 12-წლიანი მოდელიდან 11-წლიანზე გადასვლა
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ეროვნული სასწავლო გეგმის მიზნები სრულად მიღწევადია 11 წელიწადში, ამიტომ სწავლის ხანგრძლივობის შემცირება ლოგიკური ნაბიჯია.
მნიშვნელოვანი დეტალები:
-
კერძო სკოლებს შეეძლებათ 12-წლიანი პროგრამის შენარჩუნება
-
საჯარო სკოლებში შეიქმნება სპეციალური XII კლასი მათთვის, ვინც საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელებას აპირებს
-
ბოლო კლასის პროგრამა მაქსიმალურად უნდა დაემთხვეს ეროვნული გამოცდების შინაარსს
კობახიძემ დასძინა, რომ საუბრები ხელოვნური ბარიერების შექმნაზე — „სპეკულაციაა“.
უცხოელი პედაგოგების მოზიდვა და საკადრო პოლიტიკის რეფორმა
განათლების რეფორმის მნიშვნელოვანი კომპონენტია:
-
უცხოელი, საპენსიო ასაკის პედაგოგების მოწვევა დეფიციტურ სფეროებში
-
კათედრის პრინციპის დანერგვა
-
უნივერსიტეტებში სრულ განაკვეთზე მომუშავე პროფესორების ბირთვის ჩამოყალიბება
ოპტიმიზაციის შედეგად შესაძლებელი იქნება:
სრული პროფესორის ხელზე ანაზღაურება — 10 000 ლარზე მეტი.
სამედიცინო უნივერსიტეტებში უცხოელი სტუდენტების რაოდენობის შემცირება
პრემიერმა აღნიშნა, რომ სამედიცინო უნივერსიტეტები ქართველ სტუდენტებს უნდა ემსახუროს. დღეს ინფრასტრუქტურის დაახლოებით ნახევარს უცხოელი სტუდენტები იყენებენ, რაც მომავალ ქართველ ექიმებს ზღუდავს.
მთავრობა გეგმავს:
-
უცხოელი სტუდენტების მიღების გადატანას კერძო უნივერსიტეტებზე
-
სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დანაკლისის კომპენსირებას
გეოგრაფიული დეკონცენტრაცია და ახალი ინფრასტრუქტურა
დღეს სტუდენტების 95%-ზე მეტი თბილისში სწავლობს, რაც დედაქალაქის გადატვირთვას იწვევს.
მთავრობის გეგმა მოიცავს:
-
ახალი დიდი სასწავლო ქალაქების შექმნას ქუთაისსა და რუსთავთან
-
რეგიონული უნივერსიტეტების განვითარების ხელშეწყობას
-
საერთო საცხოვრებლების, ლაბორატორიების, ინფრასტრუქტურის გამართვას
-
თბილისის სტუდენტური წილის 60%-მდე შემცირებას
რეფორმის ვადები
I ფაზა — სექტემბრამდე:
-
კანონმდებლობის გადახედვა
-
შრომის ბაზრის სრულყოფილი ანალიზი
-
ახალი დაფინანსების მოდელის ამოქმედება
-
სტუდენტების მიღება ახალი მოდელით
მოქმედი სტუდენტებისთვის პირობები არ შეიცვლება.
II ფაზა — 4–5 წელი:
-
ახალი ინფრასტრუქტურების მშენებლობა თბილის–რუსთავს შორის და ქუთაისში
-
სახელმძღვანელოების შექმნა
-
საკადრო პოლიტიკის სრული მოწესრიგება
-
3+1+1 სისტემაზე სრული გადასვლა
-
ხარისხის მართვის სრულყოფილი სისტემის დანერგვა
რეფორმის მიზანი
პრემიერმა ხაზი გაუსვა, რომ უმაღლესი განათლების სისტემის დღევანდელი მდგომარეობა ახალგაზრდების ემიგრაციის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია. შედეგად ქვეყანა კარგავს პერსპექტიულ ახალგაზრდებს.
მთავრობის მიზანია:
-
ხარისხის მკვეთრი ზრდა
-
კონკურენტუნარიანი სასწავლო გარემოს შექმნა
-
სწავლების ევროპულ სტანდარტებზე მიდგომა
-
ახალგაზრდების ქვეყანაში დატოვება