პრემიერ-მინისტ ირაკლი კობახიძის განცხადებით, უმაღლესი განათლების სისტემის ეფექტური რეფორმირება შეუძლებელია ზოგადი განათლების განახლების გარეშე. მისი თქმით, თუ მოსწავლე სკოლის მერხიდან ვერ იძენს აუცილებელ ცოდნასა და უნარებს, ვერც შემდეგ ეტაპზე – პროფესიულ თუ უმაღლეს განათლებაში – მიაღწევს წარმატებას. კობახიძემ ხაზი გაუსვა იმას, რომ ახალი კონცეფცია მოკლედ და მკაფიოდ ასახავს სისტემის 8 ძირითად გამოწვევასა და მათზე პასუხს. მან მადლობა გადაუხადა მინისტრ გივი მიქანაძეს და სამინისტროს გუნდს, ასევე გამოთქვა იმედი, რომ კონცეფცია წარმატებით განხორციელდება.

განათლების მინისტრმა გივი მიქანაძემ პრეზენტაციაზე რამდენიმე ძირითადი მიმართულება წარმოადგინა. ერთ-ერთ მნიშვნელოვან ცვლილებად დასახელდა სკოლის პირველ კლასში მიღების ასაკის შეცვლა: სკოლაში შესვლა მხოლოდ იმ ბავშვებს შეეძლებათ, რომელთაც ყოველი წლის 15 სექტემბრის ჩათვლით შეუსრულდებათ 6 წელი. მინისტრის თქმით, კვლევებით დადგინდა, რომ 6 წლამდე ბავშვებს სასწავლო პროცესში სრული ინტეგრაცია უჭირთ.

მიქანაძემ ასევე განაცხადა, რომ უახლოეს 2–3 წელიწადში ყველა სასკოლო სახელმძღვანელო შეიცვლება. სამინისტროს მიერ შერჩეული ექსპერტები ყველა საგანში ერთიან სახელმძღვანელოებს შეიმუშავებენ, რომლებიც ერთსა და იმავე სტანდარტს დაამკვიდრებს ყველა სკოლაში. ეს უზრუნველყოფს როგორც ერთიან განათლების ხარისხს, ისე სწავლების პროცესის გაზომვადობასა და ხელმისაწვდომობას.

კიდევ ერთ მნიშვნელოვან ინიციატივად დასახელდა სასკოლო პროცესში მობილური ტელეფონების გამოყენების აკრძალვა. მინისტრის განმარტებით, სპეციალური წესების შემუშავება საჭიროა იმისთვის, რომ არ დაზიანდეს სასწავლო პროცესი და ამავდროულად ბავშვებს არ შეეზღუდოთ მშობლებთან კომუნიკაცია.

განათლების რეფორმის კონცეფციის კიდევ ერთ მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს 11-წლიანი ზოგადი განათლების მოდელზე გადასვლა. მინისტრის თქმით, სამინისტრო სრულ პასუხისმგებლობას იღებს, რომ 11 წელი საკმარისი იქნება სრულფასოვანი ზოგადი განათლების მისაღებად. ამასთან, სურვილის მიხედვით, მოსწავლეებს ექნებათ შესაძლებლობა დარეგისტრირდნენ მე-12 კლასში სწავლების გასაგრძელებლად. იმისთვის, რომ არცერთი პედაგოგი არ დაზარალდეს, სამინისტრო მათ სახელფასო კომპენსაციას უზრუნველყოფს.

მიქანაძემ აღნიშნა, რომ მე-11 კლასი გახდება პროფილური და დაფუძნებული იქნება ე.წ. „რეპეტიტორიუმის“ მოდელზე – მოსწავლეები იმ საგნებს ისწავლიან, რომლებიც ეროვნული გამოცდებისთვის სჭირდებათ. ეს ნაბიჯი მიზნად ისახავს მოსწავლეების სკოლაში დაბრუნებას, სკოლის პრესტიჟის ზრდას და ოჯახებისთვის ზედმეტი ფინანსური ტვირთის შემცირებას.

საბოლოოდ, ცვლილებების პაკეტში შედის სკოლებში ფორმების სავალდებულო დაბრუნებაც: მომდევნო წლიდან 1-ელიდან მე-6 კლასის ჩათვლით ყველა მოსწავლე სავალდებულო სასკოლო ფორმით მოვა სკოლაში. სოციალურად დაუცველი ოჯახები სახელმწიფოსგან შესაბამის ფინანსურ მხარდაჭერას მიიღებენ.