დავით აღმაშენებელი ითვალისწინებდა რომ თურქ-სელჩუკთაგან ქვეყნის გათავისუფლება და ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელი იყო ძლიერი არმიისა და სამხედრო საქმის სრულყოფილი რეორგანიზაციის გარეშე. სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა სამხედრო რეფორმა, რომელსაც მეფე თანმიმდევრულად, კარგად მოფიქრებული გეგმის შესაბამისად ახორციელებდა. დავითი უწინარეს ყოვლისა შეუდგა ლაშქრის სტრუქტურის მოწესრიგებას. მან ქართული ჯარი დაყო სამ ნაწილად: პირველი ეს იყო მეფის გვარდია – მონა-სპა, რომელიც 5000-იანი ერთგული მოლაშქრეებისგან შექმნა. ის მეფეს დაიცავდა, მუდამ მასთან იქნებოდა და უზრუნველყოფდა სასწრაფო სამხედრო ოპერაციების განხორციელებას. მეორე შენაერთს მეციხოვნენი შეადგენდნენ. როგორც ცნობილია მმართველობაში გატარებული რეფორმით მეფემ ცალკეულ მხარეთა მმართველობა თავის ერთგულ პირებს ჩააბარა. სწორედ ისინი ქმნიდნენ ამ მხარეთა ციხე-ქალაქებში მეფის ერთგულ
მეციხოვნეთა ჯარს, რომელთა მოვალეობასაც ციხე-ქალაქებში დგომა და მათი დაცვა შეადგენდა. სამხედრო ძალის მესამე ნაწილს 20 000-იანი მუდმივი ქართული ლაშქარი წარმოადგენდა, რომელიც სისტემატურ წვრთნას გადიოდა და ყოველთვის საომარ მზადყოფნაში იყო. მიუხედავად ამისა, მეფე ხედავდა, რომ მის განკარგულებაში მყოფი ლაშქარი, მეციხოვნეები და პირადი გვარდია საკმარისი არ იყო ქვეყნის თურქ-სელჩუკთაგან გასათავისუფლებლად, ამიტომ სამხედრო რეფორმის განხორციელების გზაზე მან კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა – 1118-1119 საქართველოში ყივჩაღთა 40000 ოჯახი ჩამოასახლა. მოსალაპარაკებლად ჩასულ მეფეს თან ახლდა გიორგი ჭყონდიდელ-მწიგნობართუხუცესი, რომელმაც მეფეს უკანასკნელი სამსახური გაუწია. მისი ერთგული აღმზრდელი ამ მისიის დროს გარდაიცვალა.
საქართველოში ჩამოსულ ყივჩაღებს დაურიგეს მიწები და სცადეს მათი ბინადარ ცხოვრებაზე გადაყვანა. ამავე დროს დავითს ცოლად ჰყავდა ყივჩაღთა მთავრის ასული გურანდუხტი, რაც ხელს უწყობდა სიძე-სიმამრს შორის შეთანხმებას.
გადმოსახლებულ ყივჩაღთა ყოველ ოჯახს ევალებოდა მეფისთვის ერთი შეიარაღებული მხედრის მიცემა. ასე შეიქმნა ყივჩაღთა 40000-იანი მუდმივი ცხენოსანი ლაშქარი. დავითი ამ ჯარით კიდევ ერთი დიდი ამოცანის გადაჭრას ფიქრობდა. ლაშქარი მრავლდებოდა, თანაც ისე, რომ საქართველოს მოსახლეობის ერთი ნაწილი სამხედრო ვალდებულებისგან თავისუფლედებოდა და აღარ სწყდებოდა სამეურნეო საქმიანობას, რაც აღმავლობის გზაზე დამდგარი ქვეყნის ეკონიმიკისათვის მეტად მნიშვნელოვანი იყო.
დავითმა გაატარა აგრეთვე რეფორმა მართლმსაჯულების სფეროში. ამ რეფორმით სასმართლოს უმაღლესი საფეხური ე.წ. „სააჯო კარი“ იყო. ის არჩევდა იმ პირთა „აჯას“ , ანუ საჩივარს, რომლებიც დაბალ სასამართლო ორგანოებში სამართალს ვერ პოულოდნენ. უზენაესი მართლმსაჯულება მეფის ხელში გახლდათ. შემდეგში, როდესაც საქართველოს სამეფო გაიზარდა და მისი მართვა-გამგეობა უფრო რთული გახდა, მეფემ სააჯო კარში სამი მოსამართლე შეიყვანა და ამით სასამართლო სახელმწიფოს შინაგანი წესრიგის დაცვის სასმახურში ჩააყენა.
სასამართლო რეფორმა კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი იყო მეფის ხელისუფლების განმტკიცებისა და ქვეყნის ცენტრალიზაციის გზაზე.
დავით მეფემ მმართველობაში გატარებული რეფორმების შემდეგ საქართველოში შექმნა „მსტოვართა“ საგანგებო ინსტიტუტი, ერთგვარი საპოლიციო სისტემა, რომელიც თვალყურს ადევნებდა როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ მიმდინარე მოვლენებს.