„ჩვენ მივიღეთ უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება სექტორში მოქმედი კომპანიებისთვის კონკრეტული დათქმით დაკისრებული ჯარიმებისა და პირგასამტეხლოს პატიების შესახებ. ენერგეტიკის სექტროში ჩართულ ყველა კომპანიას, რომელიც ჩართულია განახლებადი ენერგიის პროექტების განვითარების პროცესში, კონკრეტული დათქმით ჩამოეწერება სახელმწიფოს წინაშე დაგროვილი ჯარიმები, რომლის ჯამური მოცულობა ერთი მილიარდი ლარია. რაც შეეხება დათქმას: იმისთვის, რომ კომპანიებს არ გაუჩნდეთ საქმიანობის უპასუხისმგებლოდ გაგრძელების ცდუნება და არ დააგროვონ ახალი ჯარიმები, არამედ სერიოზულად მოეკიდონ სექტორის გადატვირთვის სახელმწიფო ინიციატივას, მათ განახლებული ვადების დარღვევის შემთხვევაში სრულად დაეკისრებათ ახლად დაგროვილი პირგასამტეხლოს და ჯარიმის გადახდის ვალდებულება, ამასთან, აღუდგებათ ჩვენი დღევანდელი გადაწყვეტილებით ნაპატიები ჯარიმებიც.

ერთი მხრივ, კომპანიებს უნდა მოეხსნათ ფინანსური ბარიერი ენერგეტიკული პროექტების განხორციელების პროცესში და მეორე მხრივ, კომპანიებს უნდა დარჩეთ მაქსიმალური მოტივაცია დაგეგმილი პროექტების საგრანტო ვადებში განსახორციელებლად. დავალიანებების პატიება უნდა გახდეს ახალი, ორმხრივ თანამშრომლობაზე დაფუძნებული, თუმცა ამასთანავე პასუხისმგებლობით გაჯერებული პროცესის დასაწყისი. ეს ნიშნავს ახალ შეთანხმებებს, ახალ გრაფიკს და ახალ გონივრულ ურთიერთვალდებულებებს სახელმწიფოსა და კომპანიებს შორის. ჩვენ მკაცრად მივუდგებით ახალ შეუსრულებელ ვალდებულებებს ან ახალ დავალიანებებს სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე. ჩვენი ახალი მიდგომით, ვიწყებთ ისეთი ენერგეტიკული პოლიტიკის დანერგვას, რომელიც მისაღები იქნება ენერგეტიკის სფეროში ჩართული კომპანიებისათვის და რომლიდანაც მაქსიმალურ სარგებელს მიიღებს ქვეყანა.

ჩვენი დღევანდელი გადაწყვეტილება ახალ სტიმულს მისცემს ენერგეტიკის სისტემის განვითარებას, რასაც ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისა და ეკონომიკური დამოუკიდებლობის განმტკიცებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. მადლობას ვუხდი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, ქალბატონ მარიამ ქვრივიშვილს და სამინისტროს გუნდს ამ უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილების მომზადებისთვის. ენერგეტიკულ კომპანიებს მინდა, ვუსურვო წარმატებები განახლებადი ენერგიის პროექტების განხორციელების პროცესში,”- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა,ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა.