ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ გამოაცხადა გადაწყვეტილება საქმეზე „ცაავა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“, რომელიც 2019 წლის 20-21 ივნისის ღამით პოლიციის მიერ პარლამენტის წინ ანტისამთავრობო დემონსტრაციის დაშლას ეხება. საქმეში სულ 26 აპლიკანტია. მათგან 24 მომჩივანის მიმართ სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის ორივე ასპექტის დარღვევა -(არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობა/ეფექტიანი გამოძიების ნაკლებობა). 14 მომჩივანთან დაკავშირებით სასამართლომ დაადგინა კონვენციის მე-10 მუხლის დარღვევა (გამოხატვის თავისუფლება). ასევე, სასამართლომ დაადგინა, რომ 11 მომჩივანის მიმართ დარღვეულ იქნა კონვენციის მე-11 მუხლი (შეკრების თავისუფლება).
ამასთან, სასამართლომ დაადგინა, რომ არ მომხდარა კონვენციის 38-ე მუხლის დარღვევა (საქმის განხილვის დროს ყველა საჭირო პირობის უზრუნველყოფის ვალდებულება).
სახელმწიფომ ორ განმცხადებელს მატერიალური ზიანის ანაზღაურების მიზნით 75,000 ევრო უნდა გადაუხადოს, ხოლო კიდევ ორს 85,000 ევრო. გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ საქართველომ ყველა მომჩივანს არამატერიალური ზიანის ანაზღაურებისთვის სხვადასხვა რაოდენობის თანხა უნდა გადაუხადოს. ამასთან, სახელმწიფომ ხარჯების ასანაზღაურებლად 38,414.99 ევრო უნდა გადაუხადოს 22 მომჩივანს.
სახელმწიფოს მომჩივნების ზარალის ასანაზღაურებლად, გადაწყვეტილების გამოცხადებიდან, 3 თვე აქვს ვადა.
საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ 2019 წლის 20 ივნისის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.
„2019 წლის 20-21 ივნისის აქციის საქმეებზე სტრასბურგის სასამართლოს დიდმა პალატამ გადაწყვეტილება გამოიტანა საქმეზე „ცაავა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ სტრასბურგის სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილება საჯარო სხდომაზე დღეს, 2025 წლის 11 დეკემბერს, გამოცხადდა.
საქმე ეხება 2019 წლის 20-21 ივნისს გამართულ აქციებს და აღნიშნული დემონსტრაციის შეწყვეტას სპეციალური საშუალებების გამოყენებით.
დღევანდელი გადაწყვეტილებით დიდმა პალატამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლებაა, გამოიყენოს სპეციალური საშუალებები, როდესაც ადგილი აქვს სამართალდამცველებსა და სახელმწიფო ორგანოებზე თავდასხმასა და შტურმს. გადაწყვეტილებაში, ასევე, აღნიშულია, რომ 20 ივნისის დემონსტრაციის დროს ესკალაცია და პარლამენტზე შტურმი წაახალისეს ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა.
ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით, სახელმწიფოს მიერ გამოყენებული ძალა და სპეციალური საშუალებები მიმართული უნდა ყოფილიყო იმ დემონსტრანტების მიმართ, რომელთა ქმედებაც იყო ძალადობრივი. შესაბამისად, იმის გამო, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მაშინდელმა ხელმძღვანელობამ ვერ უზრუნველყო ამ სტანდარტის დაცვა და პროპორციული ძალის გამოყენება დემონსტრანტების მიმართ, დადგინდა ევროპული კონვენციის მე-3 (არასათანადო მოპყრობა), მე-10 (გამოხატვის თავისუფლება) და მე-11 (შეკრების თავისუფლება) მუხლების დარღვევა.
დიდი პალატის გადაწყვეტილებაში ასევე აღნიშნულია, რომ საქართველოს მთავრობამ საქმის განხილვის ფარგლებში სრულად ითანამშრომლა სტრასბურგის სასამართლოსთან, მიაწოდა ყველა საჭირო ინფორმაცია და მასალები, რის გამოც არ დაკმაყოფილდა მომჩივნების მოთხოვნა ამ ნაწილში ევროპული კონვენციის დარღვევის მიმართულებით.
სასამართლოს დიდმა პალატამ საჭიროდ არ მიიჩნია კონვენციის მე-13 მუხლის ფარგლებში საჩივრის განხილვა.
საქართველოს მთავრობამ გაითვალისწინა ჯერ კიდევ 2024 წლის 7 მაისის პალატის გადაწყვეტილებით დადგენილი გამოძიების ხარვეზები და დაიწყო შსს-ის ხელმძღვანელობის მიერ ოპერაციის დაგეგმვისა და განხორციელების პროცესის გამოკვლევა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილ სტანდარტებთან მისი შესაბამისობის დასადგენად. აღნიშნული გამოძიების შედეგად 2025 წლის 12 ნოემბერს საქართველოს პროკურატურამ დაიწყო სისხლისსამართლებრივი დევნა საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრ გიორგი გახარიას მიმართ. საქმის თაობაზე გამოძიება გრძელდება,”-აღნიშნულია განცხადებაში.