პერუში მდებარე ერთ-ერთი ტაძრის გათხრებისას არქეოლოგებმა 2 300 წლის წინანდელი ნაშთები აღმოაჩინეს. ისინი ათეულობით ადამიანს ეკუთვნის. აღმოჩენები მსხვერპლშეწირვის რიტუალზე მიანიშნებს. არქეოლოგების თქმით, ამ დაკრძალვებს იშვიათი თავისებურებები ახასიათებს.
მეცნიერის თქმით, რამდენიმე ნეშტს თავის ქალაზე მოტეხილობები ეტყობოდა, ზოგს ყელზე თოკი ჰქონდა შემოჭერილი, ხელები კი ზურგს უკან შეკრული. ეს მიგნებები მიანიშნებს, რომ ისინი მსხვერპლად შესწირეს.
გუნდმა ნამარხები პუემაპეს ტაძრის კომპლექსის მახლობლად, პერუს ჩრდილო-დასავლეთ სანაპიროზე იპოვა. მეცნიერების თქმით, სალოცავი დაახლოებით 3000 წლისაა, თუმცა აღმოჩენები ძვ. წ. 400-200 წლებით თარიღდება. ერთ-ერთი ვერსიით ტაძარი უკვე უფუნქციო იყო, როცა მსხვერპლშეწირვები შესრულდა.
ამჟამად ნეშტების ანალიზი გრძელდება. გუნდს გეგმაში აქვს დნმ-ის კვლევები, რათა მათი ვინაობა გაიგოს. ასევე ტაძრის კომპლექსში ნაპოვნი კერამიკის, ცხოველებისა და მცენარეების შესწავლაც მიმდინარეობს. კვლევას სამხრეთ ფლორიდის უნივერსიტეტის არქეოლოგი ჩარლზ სტენიში ხელმძღვანელობდა.