ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე ამბობს, რომ ციხიდან დილით მოულოდნელად, დაახლოებით 08:00 საათზე გაათავისუფლეს, მაშინ როცა წინასწარ 10:30-ზე უთხრეს. მისი შეფასებით, ხელისუფლებას სურდა, რომ მას ახლობლები არ დახვედროდნენ.
ჯაფარიძის თქმით, გათავისუფლების მიზეზი არ აუხსნიათ, ქურთუკის შეტანაზეც უარი უთხრეს და გარეთ ერთი საათის განმავლობაში მარტო იყო, სანამ ტაქსის მძღოლის დახმარებით მეგობარს დაუკავშირდებოდა.
ის არ გამორიცხავს, რომ მის წინააღმდეგ აღძრული ახალი სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში კვლავ დააპატიმრონ. მისი განცხადებით, გზავნილი ოპოზიციონერი ლიდერებისთვის ერთია — დროებით გაშვება, რათა „თავისუფლება შეიგრძნონ“, შემდეგ კი არჩევანის დაყენება: გაჩუმება ან ქვეყნის დატოვება, რასაც თავად და მისი თანამოაზრეები არ აპირებენ.
ჯაფარიძის თქმით, ხელისუფლების მიზანია მუდმივი ზეწოლა და გაურკვევლობის განცდის შექმნა, თუმცა ის მიიჩნევს, რომ თავისუფლებაში ყოფნის ეს დრო მაქსიმალურად ეფექტურად უნდა გამოიყენონ.
ზურა ჯაფარიძის გათავისუფლებას ოჯახის წევრები და მეგობრები რუსთავის ციხესთან 10:00 საათისთვის ელოდნენ, თუმცა მოგვიანებით გაიგეს, რომ პოლიტიკოსი საპატიმროდან ადრე, 08:00 საათზე გამოვიდა.
შეგახსენებთ, რომ ჯაფარიძემ 2025 წლის ნოემბერში უარი თქვა ვადაზე ადრე გათავისუფლებაზე, ხოლო იმავე თვეში პროკურატურამ მის და კიდევ შვიდი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის წინააღმდეგ ახალი სისხლის სამართლის საქმე აღძრა, საბოტაჟისა და უცხო ქვეყნისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარების ბრალდებით.