საერთაშორისო მედიასა და პოლიტიკური ლიდერების განცხადებების თანახმად, ვენესუელაში ვითარება მკვეთრად გამწვავდა. აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ვენესუელის პრეზიდენტი ნიკოლას მადურო ამერიკელმა სამხედროებმა დააკავეს და ქვეყნიდან გაიყვანეს. ტრამპის თქმით, აღნიშნული ოპერაცია განხორციელდა აშშ-ის სამართალდამცავ ორგანოებთან კოორდინაციით. ამასთან, მისივე ინფორმაციით,  ფლორიდაში, მარ-ა-ლაგოში პრესკონფერენციაა დაგეგმილი.

ვენესუელის ოპოზიციის ლიდერმა, მარია კორინა მაჩადომ, „CBS“-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ აშშ-ის სამხედრო ოპერაციის ფარგლებში ვენესუელაში რამდენიმე სტრატეგიული ობიექტი დაიბომბა. მისი თქმით, შეტევები განხორციელდა კარაკასის მთავარ სამხედრო ბაზაზე „ფუერტე ტიუნაზე“, მთავარ ავიაბაზაზე „ლა კარლოტაზე“, სასიგნალო ანტენაზე „ელ ვოლკანზე“, ასევე კარიბის ზღვის სანაპიროზე მდებარე მთავარ საზღვაო პორტზე — ლა გუაირაზე. ამასთან, კოლუმბიის პრეზიდენტის, გუსტავო პეტროს განცხადებით, დაბომბვის სამიზნე ვენესუელის პარლამენტის შენობაც გახდა.

უსაფრთხოების ვითარების გაუარესების ფონზე, აშშ-ის ფედერალურმა საავიაციო ადმინისტრაციამ (FAA) ამერიკულ კომერციულ ავიაკომპანიებს ვენესუელის საჰაერო სივრცეში ფრენა ნებისმიერ სიმაღლეზე აუკრძალა. „ნიუ იორკ თაიმსის“ ინფორმაციით, აკრძალვა უკავშირდება უსაფრთხოების რისკებს, რომლებიც, FAA-ს განმარტებით, მიმდინარე სამხედრო მოქმედებებიდან გამომდინარეობს. შეზღუდვა ვენესუელის დროით ღამის 2 საათზე ამოქმედდა და 23 საათის განმავლობაში იქნება ძალაში.

მანამდე, ვენესუელის ხელისუფლებამ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ გაავრცელა ინფორმაცია. მთავრობის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ქვეყანა „იმპერიალისტური აგრესიის“ წინააღმდეგ მობილიზაციას საჭიროებს. ვენესუელამ შეერთებული შტატები სამხედრო თავდასხმაში დაადანაშაულა და აგრესიის მიზნად ქვეყნის ბუნებრივი რესურსების — ნავთობისა და მინერალების — მითვისების სურვილი დაასახელა.

თეთრ სახლს ვენესუელაში განხორციელებულ სამხედრო მოქმედებებთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება არ გაუვრცელებია. თუმცა, ამერიკულ მედიაში ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც აშშ-ის პრეზიდენტმა ვენესუელის ტერიტორიაზე დარტყმების განხორციელების ბრძანება ოპერაციის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე გასცა. იმავე ცნობებით, ოპერაციის დაწყება თავდაპირველად უფრო ადრე იყო დაგეგმილი, თუმცა ამინდის არასახარბიელო პირობების გამო გადაიდო. ადგილობრივი წყაროების ინფორმაციით, კარაკასში აფეთქებების ხმა ისმოდა და ქალაქის თავზე დაბალ სიმაღლეზე მფრენი სამხედრო თვითმფრინავები დაფიქსირდა.

ვენესუელაში განვითარებულ მოვლენებს საერთაშორისო გამოხმაურებაც მოჰყვა. კუბის პრეზიდენტმა, მიგელ დიას-კანელმა, განცხადება გაავრცელა, რომელშიც აშშ-ის მიერ ვენესუელის წინააღმდეგ განხორციელებულ ქმედებებს „კრიმინალურ თავდასხმად“ აფასებს. მისივე თქმით, კუბა საერთაშორისო საზოგადოებისგან მოვლენებზე დაუყოვნებლივ და ეფექტიან რეაგირებას მოითხოვს.