1713 წელს, უძველესი რომაული ქალაქები  პომპეი და ჰერკულანუმი აღმოაჩინეს. ევროპაში გავრცელებულმა ცნობებმა ვულკან ვეზუვის ამოფრქვევის შედეგად განადგურებული ქალაქების შესახებ და ზოგადად ანტიკურმა ხანამ დიდი ინტერესი გამოიწვია.  

შექმნილი სიტუაცია პრაგმატულად გამოიყენა ერთ-ერთმა გერმანელმა გამომცემელმა (“ქალების ალმანახი”), რომელმაც  მხატვარს და კარიკატურისტს, სთხოვა, დაეხატა ტანსაცმლის ახალი მოდელები, რათა ქალბატონების მოდის რეფორმისთვის შეეწყო ხელი. ნიმუშებად ძველბერძნული ჩაცმულობა გამოიყენეს. 1796 წლიდან ანტიკური მოდა დამკვიდრდა.

მოდაში შემოვიდა სიშიშვლე და ანტიკური სილამაზე, მინიმალიზმი ტანსაცმელში და ლამაზი “ბუნებრივი” ნაკეცები. უკანასკნელის შესაქმნელად ქალბატონები თავის თხელ, მუსლინის კაბებს წყლით ისველებდნენ და ასე გამოწყობილი – დასველებულები დადიოდნენ სტუმრად, მეჯლისებზე, სასეირნოდ.

მოდა ასეთ კაბებთან, ძალიან თხელძირიანი ფეხსაცმლის ტარებას მოითხოვდა. ამ ფეხსაცმელს იმდენად თხელი ძირი ჰქონდა, რომ ქალბატონებს ძალიან უჭირდათ ნესტიან ამინდში მისი გამოყენება.

მოდის მიმდევრებს მუსლინის კაბების ტარებაში ხელს ვერც ზამთარი უშლიდათ.  შედეგად ევროპა და რუსეთი მოიცვა ახალგაზრდების სიკვდილის ტალღამ, მიზეზი გაციება, ფილტვების ანთება და შემდგომი გართულებები იყო. 

გაზეთები ნეკროლოგებით აჭრელდა: მეჯლისის შემდეგ გარდაიცვალა 19 წლის ქალბატონი დე ნოლი, 18 წლის ქალბატონი დე ჟიუინიე, 16 წლის ქალბატონი შანტალი და ა.შ. 

საბედნიეროდ, ეს მოდა დიდხანს არ გაგრძელებულა. მალე მუსლინის კაბები ჩაანაცვლა  კორსეტებმა, კაბები უფრო მჭიდროდ ეკვროდა სხეულს და მისი დასველების საჭიროება აღარ იყო. დროთა განმავლობაში მოდა უფრო და უფრო დახურული ხდებოდა, კაბის ქვედა ბოლოების რაოდენობა და თვითონ კაბების მოცულობაც იზრდებოდა და იზრდებოდა.