სპეციალისტების შეფასებით, გულის ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად რეკომენდებულია, რომ წითელი ხორცის მიღება არ აღემატებოდეს კვირაში სამ ულუფას. კვლევების მიხედვით, წითელი ხორცის ჭარბი მოხმარება, განსაკუთრებით კვირაში სამ ულუფაზე მეტი რაოდენობით, მნიშვნელოვნად ზრდის გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების რისკს.

წითელი ხორცი, განსაკუთრებით ცხიმიანი სახეობები, შეიცავს ნაჯერ ცხიმებს, რომლებიც ზრდის სისხლში ქოლესტერინის დონეს. ქოლესტერინის მომატება ხელს უწყობს სისხლძარღვების კედლებზე ათეროსკლეროზული ფოლაქების ჩამოყალიბებას, რაც ზრდის გულის იშემიური დაავადების, მიოკარდიუმის ინფარქტისა და სხვა გულ-სისხლძარღვთა პათოლოგიების რისკს.

სპეციალისტები ასევე ყურადღებას ამახვილებენ დამუშავებული ხორცპროდუქტების, მათ შორის სოსისისა და ძეხვეულის მოხმარებაზე, რომელთა ხშირი მიღება ჯანმრთელობისთვის არასასურველია.

გულის ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად მნიშვნელოვანია დაბალანსებული კვების რეჟიმის დაცვა, რომელიც მოიცავს სხვადასხვა საკვებ პროდუქტს, მათ შორის წითელ ხორცსაც, თუმცა ზომიერი რაოდენობით.

წითელი ხორცის გარდა, გულ-სისხლძარღვთა სისტემისთვის საზიანოდ ითვლება შაქრისა და შაქრის შემცველი პროდუქტების ჭარბი მოხმარება, მათ შორის თაფლისა და ჩირის, როგორიცაა ფინიკი. არასასურველია აგრეთვე ჩიფსების, მარგარინის, ცხიმიანი საკონდიტრო ნაწარმისა და ბისკვიტების ხშირი მიღება, რადგან ისინი შეიცავს ტრანსცხიმებსა და კანცეროგენულ ნაერთებს.

ამასთან, სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ ალკოჰოლისა და მარილის მიღება დასაშვებია მხოლოდ მცირე რაოდენობით, ხოლო მათი გადაჭარბებული მოხმარება ჯანმრთელობისთვის საზიანოა.