გამოცემა Reuters-ის ცნობით,დღეს პარიზში ,,მსურველთა კოალიცის” შეხვედრა გაიმართება. დღევანდელ შეხვედრაში მონაწილეობას უკრაინის პრეზიდენტი,ვოლოდიმირ ზელენსკი და 27-ზე მეტი ლიდერი მიიღებს. შეხვედრაზე აშშ-ის დელეგაციას დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი, სტივ უიტკოფი და ტრამპის სიძე, ჯარედ კუშნერი წარმოადგენენ.
როგორც გამოცემა Bloomberg აცხადებს, ევროპელი ლიდერები და ამერიკელი ოფიციალური პირები მიზნად ისახავენ უსაფრთხოების გარანტიებზე შეთანხმების დასრულებას, რაც მოიცავს ომისშემდგომ უკრაინაში ამერიკული ჯარების ადგილზე განლაგების შესაძლებლობას, რათა უზრუნველყოფილი იყოს ნებისმიერი სამშვიდობო შეთანხმების მდგრადობა. ასევე, მათივე ცნობით, პარიზში გამართული მოლაპარაკებები ფოკუსირებული იქნება იმაზე, თუ როგორ უნდა ინტეგრირდეს ვაშინგტონის მიერ ცოტა ხნის წინ შეთავაზებული შესაძლებლობები უკრაინის მოკავშირეებისგან შემდგარი ე.წ. მსურველთა კოალიციის მიერ შემუშავებულ გეგმებთან.
გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა პარიზში „მსურველთა კოალიციისთვის“ მიმართვისას განაცხადა,რომ ,,უკრაინა ჰუმანიტარული ენერგეტიკული კრიზისის ზღვარზეა.” მისი თქმით, პუტინი ომის მეოთხე ზამთარს ცეცხლის შეწყვეტისკენ არ ისწრაფვის, პირიქით, უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე დღემდე განხორციელებული ყველაზე მასშტაბური თავდასხმების ბრძანება გასცა. მერცმა ასევე აღნიშნა, რომ გერმანიის მთავრობა ცდილობს ომის დასრულებას, თუმცა ეს მხოლოდ იმ პირობით არის შესაძლებელი, რომ უკრაინა ამჯერად აშშ-სა და ევროპისგან უსაფრთხოების რეალურ გარანტიებს მიიღებს.