„აშშ-მა 66 ორგანიზაცია დატოვა, როგორც გუშინ განაცხადეს მათ. თავისთავად ეს ადასტურებს კიდევ ერთხელ იმას, რასაც ჩვენ ვსაუბრობთ, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ შექმნილი საერთაშორისო წესრიგი, რომლის ნაწილიც არის სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაცია, მასში წევრობა და ამ ორგანიზაციების ფარგლებში საკითხების განხილვა, აღარ არსებობს, მორღვეულია. როდესაც ასეთ ორგანიზაციებში ამერიკა არ არის წევრი და მათ შორის გამოდის ასეთი დასაბუთებით, რომ ეს არის უსარგებლო, ფულის მფლანგველი ორგანიზაციები, თავისთავად აჩვენებს იმას, რომ მათ სერიოზულობას უკვე წყალი აქვს შეყენებული და ადასტურებს კიდევ ერთხელ იმას, რასაც ვამბობდით, რომ საერთაშორისო წესრიგი აღარ არსებობს.

რაც შეეხება კონკრეტულად, ვენეციის კომისიას, ჩვენ უკვე რამდენიმე ხანია ვსაუბრობთ იმას, რომ ვენეციის კომისია ქვეყნების წინააღმდეგ პოლიტიკურ იარაღად იქცა, იმისთვის, რომ ქვეყნებს თავს მოახვიონ სხვადასხვა პოლიტიკური დღის წესრიგიდან გამომდინარე სხვადასხვა ინსტრუმენტები თუ ინსტიტუტები. საქართველოსთან დაკავშირებით ეს ძალიან კარგად გამოჩნდა არაერთხელ, როცა ჩვენ, ნაცვლად სამართლებრივი დასკვნებისა და მოსაზრებებისა, ვნახეთ პოლიტიკური დასკვნები და მოსაზრებები, რაც აშკარად იკვეთება ვენეციის კომისიის ანგარიშებში და რაც ჩვენ მათ შორის ვენეციის კომისიისთვისაც გვაქვს შეხვედრების დროს ნათქვამი. ჩვენ ევროსაბჭოს წევრი ვართ, ვენეციის კომისია გახლავთ ერთ-ერთი ინსტიტუტი ევროსაბჭოში და ჩვენთვის როგორც წევრი სახელმწიფოსთვის შემაშფოთებელია, რომ ვენეციის კომისიამ შეიცვალა საკუთარი პროფილი და იმ პროფესიული სამართლებრივი დასკვნების შედგენის ნაცვლად, რაც იყო პატივცემული და მნიშვნელოვანი ყველა ქვეყნისთვის, გადაიქცა ჩვეულებრივ პოლიტიკურ კომენტატორად, რომელიც პოლიტიკური დღის წესრიგიდან გამომდინარე დებს სხვადასხვა მოსაზრებებსა და დასკვნებს. ზუსტად ეს დაადასტურა დღეს აშშ-მა, რომელმაც დატოვა ვენეციის კომისიის წევრობა და დატოვა ამ დასაბუთებით, რომ ეს არის უსარგებლო, ფულის მფლანგველი ორგანიზაცია. ეს, რა თქმა უნდა, აძლიერებს ჩვენს მოსაზრებას, რომ ვენეციის კომისია აცდენილია იმ თავდაპირველ მისიას, რომელიც ჩადებული იყო მასში,”-ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ,შალვა პაპუაშვილმა განაცხადა,რითაც გამოეხმაურა აშშ-ის გადაწყვეტილებას 66 ორგანიზაციის დატოვების შესახებ, რომელთა შორის ვენეციის კომისიაცაა.