„4 ოქტომბრის მოვლენებიდან 3 თვე გავიდა და ევროკავშირი ჯერ კიდევ არ გმობს ძალადობას, თუმცა საახალწლო დღეები იყო და არ დავტვირთე საზოგადოება ზედმეტად. თუმცა მოვა 4 თებერვალი და იქნებ მანამდე მაინც ვეღირსოთ ევროკავშირის ელჩის ერთ განცხადებას მაინც, რომელიც თუ საქართველოს პრეზიდენტის სასახლეზე ძალადობრივ შტურმს არ დაგმობს, ის მაინც თქვას, რომ საქართველოს პრეზიდენტის სასახლეზე ძალადობრივი შტურმი ევროპული საქციელი არ არის. აბა, მოდი, ამას მაინც თუ იტყვის ევროკავშირის ელჩი. დღემდე ევროკავშირს არ დაუგმია საქართველოს პრეზიდენტის სასახლეზე ძალადობრივი შტურმი მათ მიერ მხარდაჭერილი ხალხის მხრიდან. ვინც იმ შტურმში მონაწილეობდა, ყველა ამ სახეს ნახავთ საელჩოებში სხვადასხვა მიღებაზე, არასამთავრობოებში თანამშრომლებად, დაფინანსება მიღებულ ხალხს და ასე შემდეგ. იქ ვინ ტრიალებდა, ამას ევროკავშირის დროშით აკეთებდა. საქართველოში პრეზიდენტის სასახლის შტურმი მოხდა ევროკავშირის დროშით ხელში, ამას ამართლებს და თვალს უხუჭავს ევროკავშირის საელჩო და კომისია, რაც რა თქმა უნდა, კატასტროფა. არათუ დაგმობა არ მოჰყოლია ამ ფაქტს, ეს იყო ევროკომისიის სპიკერის მხრიდან მხარდაჭერილი ნეპალის სცენარი საქართველოში. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, 4 ოქტომბერს დაანონსებული იყო ძალადობა, დაანონსებული იყო ნეპალის სცენარი, რაც ნიშნავს ხელისუფლების სისხლიან დამხობას. ევროკომისიის სპიკერს ჰკითხეს, 4 ოქტომბრის ხელისუფლების დამხობასთან დაკავშირებით რას ფიქრობდა და თქვა, რომ სოლიდარულია და მხარს უჭერს. დღემდე ბოდიში არ მოუხდია, განმარტება არ გაუკეთებია არავის ევროკავშირისგან. პირდაპირ მიდიოდა პრეზიდენტის სასახლეზე შტურმი და ამ პროცესში ვნახეთ ბრიუსელიდან მხარდამჭერი პოსტები, „ტვიტები“ თუ X-ები. შეგახსენებთ, მოლდოვის პრეზიდენტმა მხარი დაუჭირა ამ ძალადობას მაშინ, როდესაც მისი კოლეგის, საქართველოს პრეზიდენტის სასახლეზე ძალადობრივი შტურმი მიდიოდა. ეს კიდევ ერთხელ აღვივებს ეჭვს, რომ ეს იყო საერთო, ორკესტრირებული და კოორდინირებული საინფორმაციო მხარდაჭერა საქართველოში ნეპალის ძალადობრივი სცენარის განხორციელების. ჩვენ ვუყურებთ იმ ფარისეველ ევროპელებს, რომლებმაც ამას მხარი დაუჭირეს და როგორც კი ჩაფლავდა ოქტომბრის რევოლუცია, ყველა კუთხეში დაიმალა და დღემდე 4 ოქტომბერთან დაკავშირებით ხმას არ იღებენ.
ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკების პროცესი სინამდვილეში ეს არის ცალმხრივად დავალებების მიცემა და ამ დავალებების ბრიუსელის არარჩეული ბიუროკრატების გემოზე შესრულება. იმ თავისუფლებასაც არ გიტოვებენ, რომ რაღაც სხვადასხვა ოფციები გქონდეს – მეტი-მეტი, შეიძლება რაღაც ვალდებულების შესრულება გადავადდეს. ეს ერთი მხრივ გასაგებია იმ მხრივ, რომ თუ ორგანიზაციის წევრობა გინდა და თუ არის რაღაც დირექტივები, ნორმები, რომელიც შენს კანონმდებლობაში უნდა გადმოიტანო, რა თქმა უნდა, ეს უნდა შეასრულო. საქართველოში ევროკავშირის კანონმდებლობის ნახევარი ასოცირების შეთანხმების გეგმით უკვე გადმოტანილია, თუმცა პრობლემა არის ის, რაც არის ახალი ტენდენცია ბრიუსელიდან – ხდება რაღაც დამატებითი მოთხოვნების მოფიქრება, რაც დირექტივებით და მკაცრი დოკუმენტებით განსაზღვრული არ არის. მაგალითად, მოსამართლეთა ვეტინგი, რაც არის არარჩეული ევრობიუროკრატების ფანტაზიის ნაყოფი. ევროკავშირის არც ერთი დოკუმენტი, დირექტივა ასეთ რამეს არ ითვალისწინებს. არც ერთ მათ ქვეყანაში ასეთ რამეს არ ატარებენ, მაგრამ სხვა ქვეყნებს სთხოვენ მარტივი მიზეზის გამო – ეს არის პროცედურა, რომლითაც ცდილობენ სხვა ქვეყნის მართლმსაჯულებაზე ზემოქმედების ბერკეტი მოიპოვონ. მოლდოვაში ამ პროცესს ზურაბ ადეიშვილის ყოფილი მოადგილე – ნონა წოწორია ატარებს, ვის დროსაც საქართველოში წამების სისტემა შეიქმნა. ეს ადამიანი მოსამართლეთა შერჩევაში თუ გადარჩევაში ჟიურის მთავარი წევრია. უკრაინაში ჰყავთ ზურაბ ადეიშვილი, როგორც გარედან დასმული ადამიანი. ის უკრაინის ჩრდილოვანი გენპროკურორია. გარე დავალებების შემსრულებელმა ადამიანებმა უნდა უზრუნველყონ, რომ მოლდოვაში, უკრაინაში სასამართლოზე კონტროლი გარე ძალებმა და დაჯგუფებებმა მოიპოვონ, რათა შემდეგ ქვეყანა მართლმსაჯულებიდან მართონ.
ასე რომ, ბოლო პერიოდში არის მოგონილი კრიტერიუმები ბრიუსელის მხრიდან, როგორც არის ვეტინგი. გახსოვთ, ცხრა რეკომენდაციაში ჩაგვიწერეს, რომ ხელისუფლების ყველა დონეზე გადაწყვეტილებების მიღებაში უცხოეთიდან დაფინანსებული ენჯეოები იყვნენ ჩართული. ფაქტობრივად ვეტოს და შენს პოლიტიკაში ხელის ფათურის უფლება უნდა მისცე ესტონეთში რეგისტრირებულ „საერთაშორისო გამჭვირვალობას“. რატომ თვითონ არა ჰყავთ ჩართული ყველა იმ გადაწყვეტილებაში, რასაც თვითონ იღებენ?! სადაც ევროკავშირმა ჩვენს მართლმსაჯულებას სხვადასხვა უსამართლობა დააბრალა, ყველგან ევროკავშირი დამარცხდა – დამარცხდა ყველა ელჩი და „ენჯეო“, რომელიც ჩვენს მართლმსაჯულებას უსამართლოდ აბრალებდა. ევროკავშირი ქართულ მართლმსაჯულებასთან ყველა საქმეში პირწმინდად დამარცხდა,”-ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა,განაცხდა.