„2026 წლის 1-ელი ივნისიდან ყოველთვიურად, განმახორციელებლის მიერ განხორციელდეს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის გეგმური ამბულატორიული მომსახურების ფარგლებში ბენეფიციართა რეგისტრაციის მოდულიდან იმ ბენეფიციართა რეგისტრაციის შეჩერება, რომლებიც იმყოფებიან ქვეყნის ფარგლებს გარეთ 6 თვე და მეტი ვადით უწყვეტად. მოსარგებლის ხელახალი რეგისტრაცია ხორციელდება „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებით დამტკიცებული პროგრამის 23-ე მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული პირობების შესაბამისად. ბენეფიციართა რეგისტრაციის სტატუსის გადამოწმების დამატებითი კრიტერიუმები დამტკიცდეს მინისტრის შესაბამისი სამართლებრივი აქტით 2026 წლის 1-ელ ივნისამდე,”-ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის ბრძანებაშია ნათქვამი.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმდჯომარის, არჩილ გორდულაძის განცხადებით, მიღებული გადაწყვეტილების მიზანი ხარჯების რაციონალური გაწევაა.
„ეს არის აბსოლუტური ტყუილი – არავითარ შემთხვევაში, როდესაც საქართველოს მოქალაქეები საზღვარგარეთ არიან, მათ არ უწყდებათ საყოველთაო ჯანდაცვით სარგებლობის შესაძლებლობა. ეს არის სიცრუე. რეალობა არის აბსოლუტურად სხვა – ჯანდაცვის სამინისტრო არ გადაურიცხავს რომელიმე კლინიკას კონკრეტულ თანხას მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ადამიანი დარეგისტრირებულია ამ კლინიკაში და ეს ადამიანი არ იმყოფება საქართველოში. კლინიკის დაფინანსება არ მოხდება იმიტომ, რომ ადამიანი არის 6 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში საზღვარგარეთ. ხოლო ამ ადამიანს როგორც კი ჩამოვა შეეძლება ჯანდაცვის სისტემით და საყოველთაო დაზღვევით ისარგებლოს. არავითარი შემხებლობა მიღებულ გადაწყვეტილებას არ აქვს, პირიქით, ხარჯების რაციონალურ გაწევასთან არის დაკავშირებული მხოლოდ და მხოლოდ“,- განაცხადა არჩილ გორდულაძემ.