ვითარება ირანში კვლავ დაძაბულია-ქვეყანაში პროტესტი გრძელდება. აშშ-ში მოქმედი ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრის მონაცემებით, საპროტესტო აქციებმა ირანის 31 პროვინციის 185 ქალაქი და დასახლება მოიცვა. მათივე ინფორმაციით, საპროტესტო აქციების დროს დაღუპულთა შორის 38 უსაფრთხოების თანამშრომელია. CNN-ის ცნობით,მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს,სულ მცირე, 115-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.
BBC-ის სამმა სხვადასხვა საავადმყოფოს თანამშრომელმა განუცხადა,რომ ,,ირანში მიმდინარე მასშტაბური ანტისამთავრობო საპროტესტო აქციების ფონზე საავადმყოფოები გადატვირთულია გარდაცვლილი და დაშავებული პაციენტებით.”
ამასთან, ირანში ინტერნეტი გათიშულია. ირანის კომუნიკაციების სამინისტროში განაცხადეს, რომ გადაწყვეტილება „ქვეყანაში არსებული ვითარების“ გამო მიიღეს.
“ირანი თავისუფლებას ეძებს, შესაძლოა, როგორც არასდროს აქამდე. აშშ მზად არის დახმარებისთვის!”-ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.
Reuters-ის ინფორმაციით, ისრაელი ირანში აშშ-ის შესაძლო ჩარევისთვის მაღალი დონის მზადყოფნაშია. გამოცემა წერს, რომ წყაროებმა არ დააკონკრეტეს, რას ნიშნავს ისრაელის მაღალი მზადყოფნის მდგომარეობა პრაქტიკაში. ერთ-ერთი ისრაელელი წყაროს ცნობით, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ და აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ ტელეფონით ისაუბრეს და აშშ-ის ირანში ჩარევის შესაძლებლობა განიხილეს. სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაცია ამერიკელმა ოფიციალურმა პირმაც დაადასტურა, თუმცა არ დაუკონკრეტებია, რა საკითხები განიხილეს მხარეებმა.
ირანის ხელისუფლების განცხადებით, აშშ-ის მხრიდან ნებისმიერი თავდასხმის შემთხვევაში ისრაელი და აშშ-ის რეგიონული სამხედრო ბაზები მათი ლეგიტიმური სამიზნეები გახდებიან. „თუ შეერთებული შტატები სამხედრო თავდასხმას დაიწყებს, როგორც ოკუპირებული ტერიტორიები, ასევე აშშ-ის სამხედრო და საზღვაო ცენტრები ჩვენთვის ლეგიტიმური სამიზნეები გახდებიან“, – განაცხადა ირანის პარლამენტის სპიკერმა მუჰამედ ბაქირ კალიბაფმა.
ცნობისთვის, ირანში აქციები 28 დეკემბერს დაიწყო, თავდაპირველად თეირანის ქუჩებში მოსახლეობა ეკონომიკურ პრობლემებსა და ეროვნული ვალუტის მკვეთრ გაუფასურებას აპროტესტებდა, მალევე მათ სტუდენტებიც შეუერთდნენ და პროტესტმა მასშტაბური სახე მიიღო. პარალელურად, ირანელი დემონსტრანტების მხარდამჭერი აქციები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ქალაქებში იმართება. პროტესტის ნიშნად, ლონდონში კენსინგტონის რაიონში მდებარე ირანის საელჩოზე აქციის მონაწილემ ირანის ისლამური რესპუბლიკის დროშა ჩამოხსნა, სანაცვლოდ კი “ლომისა და მზის” სიმბოლოებიანი დროშა აღმართა, რომელიც ირანში 1979 წლის რევოლუციამდე გამოიყენებოდა და ახლა მიმდინარე აქციების სიმბოლოა. ირანის მთავრობის და ქვეყნის სულიერი ლიდერის გადადგომა მოითხოვეს ვაშინგტონსა და ბრიუსელში შეკრებილებმაც.