ირანში მიმდინარე მასშტაბური საპროტესტო აქციების ფონზე ქვეყნის ხელისუფლება აცხადებს, რომ ვითარება სრულად კონტროლს ექვემდებარება, მაშინ როდესაც საერთაშორისო საზოგადოება ძალადობის შეწყვეტისა და ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვისკენ მოუწოდებს.

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის, აბას არაღჩის განცხადებით, ქვეყანაში „სიტუაცია სრული კონტროლის ქვეშაა“. აღნიშნული განცხადება მან თეირანში უცხოელ დიპლომატებთან შეხვედრისას გააკეთა. არაღჩის თქმით, ქვეყანაში მიმდინარე პროცესები საპროტესტო მოძრაობად ვერ შეფასდება და წარმოადგენს „ტერორისტულ ომს ქვეყნის წინააღმდეგ“. მისი განცხადებით, „ტერორისტული ელემენტები“ თავს დაესხნენ სამთავრობო შენობებს, პოლიციის განყოფილებებსა და კერძო ბიზნესს.

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მტკიცებით, ხელისუფლებას აქვს აუდიოჩანაწერები, რომლებშიც, მისი თქმით, „ტერორისტული ჯგუფები“ გასცემენ ბრძანებებს მშვიდობიანი მოსახლეობისა და უსაფრთხოების ძალების წინააღმდეგ ცეცხლის გახსნის შესახებ. არაღჩიმ ასევე დააკავშირა ძალადობის ესკალაცია აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ თეირანის წინააღმდეგ შესაძლო სამხედრო მოქმედებებზე გაკეთებულ განცხადებებთან და აღნიშნა, რომ ამან, ირანის ხელისუფლების შეფასებით, „მოტივაცია მისცა ტერორისტებს“, რათა პროვოკაციები გამოეწვიათ და უცხოური ჩარევის საფუძველი შეექმნათ.
„ჩვენ მზად ვართ ომისთვის, თუმცა ასევე მზად ვართ დიალოგისთვის“, — განაცხადა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ამასთან, საერთაშორისო მედია მოვლენების განსხვავებულ სურათს აღწერს. BBC-ის ინფორმაციით, ირანის სახელმწიფო ტელევიზია ცდილობს წარმოაჩინოს, რომ დედაქალაქში ვითარება ბოლო დღეებში შედარებით მშვიდია, თუმცა ქვეყნის შიგნიდან ინფორმაციის მიღება უკიდურესად გართულებულია. გამოცემის ცნობით, ინტერნეტთან წვდომა ირანში სამ დღეზე მეტია მნიშვნელოვნად შეზღუდულია, რასაც ადასტურებს ინტერნეტკავშირის მონიტორინგის ორგანიზაცია NetBlocks-იც.
BBC-ის წყაროები ირანიდან იუწყებიან, რომ გასულ კვირას საპროტესტო აქციების ძალადობრივი დარბევა ინტენსიური იყო. BBC Persian-ის ინფორმაციით, მოქალაქეებმა მიიღეს ტექსტური შეტყობინებები, რომლებიც მათ ხელისუფლების მხარდამჭერ აქციებში მონაწილეობისკენ მოუწოდებს.

შეგახსენებთ, ირანში საპროტესტო გამოსვლები 28 დეკემბერს დაიწყო. თავდაპირველად დემონსტრაციები ეკონომიკურ პრობლემებსა და ეროვნული ვალუტის მკვეთრ გაუფასურებას უკავშირდებოდა, თუმცა მოგვიანებით მათ სტუდენტებიც შეუერთდნენ და პროტესტმა ქვეყნის მასშტაბი მიიღო. უფლებადამცველი ორგანიზაციის — „ადამიანის უფლებადამცველი აქტივისტები ირანში“ — ინფორმაციით, არეულობების შედეგად 500-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, ხოლო დაკავებულთა რაოდენობა 10 600-ს აღემატება.

ვითარებას აქტიურად ეხმაურება შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი. მისი განცხადებით, ვაშინგტონი ირანში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით „ძალიან სერიოზულ ვარიანტებს“ განიხილავს. ტრამპის თქმით, მას ირანში არსებული ვითარების შესახებ ანგარიშს საათობრივად აწვდიან და აღნიშნა, რომ ირანის ხელისუფლება იმ „წითელ ხაზებს“ უახლოვდება, რომლებიც მისმა ადმინისტრაციამ განსაზღვრა.
„როგორც ჩანს, ადამიანები დახოცეს, რომლებიც არ უნდა დაეხოცათ. ეს ძალადობრივი მმართველობაა“, — განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა და დასძინა, რომ შეერთებული შტატები შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს.

დონალდ ტრამპის განცხადებითვე, ირანის ლიდერებმა ვაშინგტონთან მოლაპარაკების სურვილი გამოთქვეს. მისი თქმით, თეირანმა თავად დაურეკა ამერიკულ მხარეს. ამასთან, ტრამპმა აღნიშნა, რომ გეგმავს საუბარს SpaceX-ის დამფუძნებელ ილონ მასკთან ირანში ინტერნეტის აღდგენის შესაძლებლობებზე, Starlink-ის სატელიტური ინტერნეტის გამოყენებით.

ამ ფონზე ირანი ვაშინგტონს აფრთხილებს შესაძლო შედეგებზე. ირანის პარლამენტის თავმჯდომარის, მუჰამედ ბაქერ ქალიბაფის განცხადებით, აშშ-ის ნებისმიერი სამხედრო მოქმედება თეირანის წინააღმდეგ გამოიწვევს ირანის მხრიდან „ლეგიტიმურ საპასუხო დარტყმას“ ისრაელსა და რეგიონში განთავსებულ ამერიკულ სამხედრო ბაზებზე. სააგენტო „როიტერის“ ცნობით, არსებული ვითარების გამო ისრაელი სრულ მზადყოფნაში იმყოფება.

სიტუაციას ეხმაურება გაერო და ევროკავშირიც. გაერო-ს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა განაცხადა, რომ შოკირებულია ირანში მომიტინგეების წინააღმდეგ ძალადობისა და ძალის გადაჭარბებული გამოყენების შესახებ ცნობებით. მან ირანის ხელისუფლებას მაქსიმალური თავშეკავებისკენ და გამოხატვის, გაერთიანებისა და მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების სრულად დაცვისკენ მოუწოდა, ასევე ქვეყანაში კომუნიკაციების აღდგენის აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება.

ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა, რომ „ირანის ახალი თაობა ღირსებასა და თავისუფლებას მოითხოვს“. მისი განცხადებით, ევროპამ უნდა გააცნობიეროს საკუთარი პასუხისმგებლობა და მოქმედების აუცილებლობა.
„ნებისმიერი რეჟიმი, რომელიც კომუნიკაციას ბლოკავს, საკუთარი ხალხის შეშინებული რეჟიმია. ირანი თავისუფალი იქნება“, — წერს მეცოლა.