უნგრულმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია Wizz Air-მა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ავსტრიის დედაქალაქის მიმართულებით რეისები შეწყვიტა. ბოლო დღეებში კომპანიის ონლაინსისტემაში აღნიშნულ მარშრუტზე ავიაბილეთების შეძენა აღარ არის შესაძლებელი, ხოლო მგზავრებს ალტერნატივად ბრატისლავის მიმართულება სთავაზობენ.
აღსანიშნავია, რომ Wizz Air-მა ვენაში ოპერირების ბაზის დახურვის გადაწყვეტილება ჯერ კიდევ გასული წლის სექტემბერში გაასაჯაროვა. კომპანიის ინფორმაციით, აღნიშნული პროცესი ეტაპობრივად მიმდინარეობს და მისი დასრულება 2026 წლის 15 მარტისთვის არის დაგეგმილი. გადაწყვეტილება დაკავშირებულია ოპერაციული ხარჯების ზრდასთან და ავიაკომპანიის სტრატეგიასთან, რომელიც უფრო ეკონომიკურად მომგებიან ბაზრებზე კონცენტრირებას ითვალისწინებს.
ვენის მიმართულებით ქუთაისიდან რეისები აქამდე კვირაში ოთხჯერ სრულდებოდა.