CNN-ის ცნობით,აშშ-ის ქალაქ მინეაპოლისში (მინესოტას შტატი) ფედერალურმა აგენტებმა 24 იანვარს მამაკაცი მოკლეს. ცნობისთვის, ეს ერთი თვის განმავლობაში საიმიგრაციო კონტროლის გამკაცრების ფონზე უკვე მეორე მსგავსი მკვლელობაა.
როგორც აშშ-ის უსაფრთხოების დეპარტამენტში აცხადებენ,სასაზღვრო სამსახურის აგენტებმა მამაკაცს თავდაცვის მიზნით გაუხსნეს ცეცხლი, რომელიც მათ პისტოლეტით უახლოვდებოდა. მინეაპოლისის პოლიციის მეთაურის, ბრაიან ო’ჰარას თქმით, მოკლული მამაკაცი ქალაქის 37 წლის მაცხოვრებელი და, როგორც ითვლება, აშშ-ის მოქალაქე იყო. მამაკაცს იარაღის კანონიერად ჰქონდა შეძენილი და ნასამართლეობა არ გააჩნდა.
,,კიდევ რამდენი მაცხოვრებელი, რამდენი ამერიკელი უნდა მოკვდეს ან სერიოზული დაზიანებები მიიღოს, რათა ეს ოპერაცია შეწყდეს?” – ამის შესახებ მინეაპოლისის მერმა, ჯეიკობ ფრეიმ განაცხადა.
ცნობისთვის, მინესოტაში ადგილობრივებსა და ფედერალურ აგენტებს შორის დაპირისპირება მას შემდეგ გამწვავდა, როდესაც 7 იანვარს, საიმიგრაციო აგენტმა საკუთარ ავტომობილში აშშ-ის მოქალაქეს, 37 წლის რენე ნიკოლ გუდს ესროლა, რის შედეგადაც ის გარდაიცვალა.