ევროკავშირის 27-მა წევრმა სახელმწიფომ ოფიციალურად მიიღო რეგულაცია ევროკავშირში როგორც მილსადენური გაზის,ასევე თხევადი ბუნებრივი აირის რუსული იმპორტის თანდათანობით გაუქმების შესახებ. ახალი წესები ასევე მოიცავს ზომებს ენერგომომარაგების ეფექტური მონიტორინგისა და დივერსიფიკაციის შესახებ. ამის შესახებ ევროკავშირის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული.
,,დღეიდან ევროკავშირის ენერგეტიკული ბაზარი უფრო ძლიერი,მდგრადი და დივერსიფიცირებული იქნება. ჩვენ ვშორდებით რუსულ გაზზე მავნე დამოკიდებულებას და სოლიდარობისა და თანამშრომლობის სულისკვეთებით მნიშვნელოვან ნაბიჯს ვდგამთ ავტონომიური ენერგეტიკული კავშირისკენ,”-განაცხადა კვიპროსის ენერგეტიკის,კომერციისა და მრეწველობის მინისტრმა,მაიკლ დამიანოსმა.
რეგულაციის თანახმად,რუსული მილსადენური გაზისა და თხევადი ბუნებრივი აირის ევროკავშირში იმპორტი იკრძალება. აკრძალვა ამოქმედდება რეგულაციის ძალაში შესვლიდან ექვსი კვირის შემდეგ. არსებულ კონტრაქტებს ექნება გარდამავალი პერიოდი. ეს ეტაპობრივი მიდგომა შეზღუდავს ფასებსა და ბაზრებზე გავლენას. თხევადი ბუნებრივი აირის იმპორტზე სრული აკრძალვა 2027 წლის დასაწყისიდან ამოქმედდება,ხოლო მილსადენური გაზის იმპორტზე – 2027 წლის შემოდგომიდან.
დოკუმენტის თანახმად, ახალი წესების შეუსრულებლობამ შეიძლება გამოიწვიოს მაქსიმალური ჯარიმები, მინიმუმ 2.5 მილიონი ევრო ფიზიკური პირებისთვის და მინიმუმ 40 მილიონი ევრო კომპანიებისთვის, კომპანიის მსოფლიო წლიური ბრუნვის მინიმუმ 3.5% ან ტრანზაქციის სავარაუდო ბრუნვის 300%.
2026 წლის 1 მარტისთვის ევროკავშირის ქვეყნებმა უნდა მოამზადონ ეროვნული გეგმები გაზის მიწოდების დივერსიფიკაციისთვის და გამოავლინონ რუსული გაზის ჩანაცვლების პოტენციური სირთულეები. ამ მიზნით, კომპანიები ვალდებულები იქნებიან, აცნობონ ხელისუფლებას და კომისიას რუსული გაზთან დაკავშირებით დარჩენილი ნებისმიერი კონტრაქტის შესახებ.
მიწოდების უსაფრთხოება საგანგებო სიტუაციებში-გამოცხადებული საგანგებო სიტუაციის შემთხვევაში, თუ მიწოდების უსაფრთხოება დაემუქრება ევროკავშირის ერთ ან რამდენიმე ქვეყანას,კომისიას შეუძლია შეაჩეროს იმპორტის აკრძალვა ოთხ კვირამდე ვადით.
ცნობისთვის,რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ აგრესიული ომისა და ენერგიის იარაღად გამოყენების შემდეგ ევროკავშირის ლიდერები 2022 წლის მარტის ვერსალის დეკლარაციის თანახმად,შეთანხმდნენ,რაც შეიძლება მალე, თანდათანობით შეწყვიტონ დამოკიდებულება რუსულ წიაღისეულ საწვავზე. შესაბამისად,ბოლო წლებში რუსეთიდან ერვოკავშირში გაზისა და ნავთობის იმპორტი მნიშვნელოვნად შემცირდა. თუმცა,მიუხედავად იმისა,რომ ნავთობის იმპორტი მოქმედი სანქციების შედეგად 2025 წელს 3%-ზე დაბლა დაეცა ,რუსული გაზი კვლავ შეადგენს ევროკავშირის იმპორტის დაახლოებით 13%-ს 2025 წელს, რაც წელიწადში 15 მილიარდ ევროზე მეტია.