ფასებთან დაკავშირებით შექმნილი სამთავრობო საკოორდინაციო კომისია მთავრობის ადმინისტრაციაში მწარმოებლებს შეხვდა,რომელსაც სხვადასხვა სასურსათო პროდუქციის მწარმოებელი კომპანიის წარმომადგენლები დაესწრნენ.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ,,მაქსიმუმ აპრილის ბოლომდე დასრულდება სამუშაო პროცესი და შესაბამისად,გამოიკვეთება ფასნამატის წარმოქმნის ყველა ასპექტი.” როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა,ამის საფუძველზე შეიძლება იყოს მიღებული კონკრეტული გადაწყვეტილებები,მათ შორის,საკანონმდებლო ცვლილებები. რაც შეეხება სამუშაო პროცესს,მთავრობის მეთაურის  თქმით,სავარაუდოდ,ფასებთან დაკავშირებით მუშაობა აპრილის ბოლომდე გაგრძელდება.

მწარმოებლები აცხადებენ, რომ წარმოებული პროდუქტის ფასს, მაღაზიების მხრიდან მოთხოვნილი მაღალი „ქეშბექი“ აძვირებს.

“საცალო ფასების ასეთი ზრდა განპირობებულია კომერციული პირობების ზრდით, რაც გამოწვეულია ქსელების მხრიდან მოთხოვნილი, გაზრდილი კომერციული პირობების გამო. დღეს სად არსებობს რესურსი ფასების კლების – შემიძლია გითხრათ, რომ პირველ რიგში, უნდა მოხდეს გადახედვა ქსელების მარჟების და მათი მომგებიანობის, რომელიც ბოლო 5 წლის განმავლობაში გაორმაგებულია. მწარმოებლებმა მაქსიმალური ოპტიმიზაცია უკვე გავაკეთეთ, როგორც დისტრიბუტორებმა და ამიტომ, ამჯერად საცალო ქსელის ჯერია, რომ გადახედონ მათ საოპერაციო მოგებას და საოპერაციო ხარჯებს, რაც გამოიწვევს ფასების კლებას. მათი ქეშბექები 20%-დან გაზრდილია 45%-მდე, შესაბამისად, ეს იწვევს იმას, რომ ფასები იზრდება დახლებზე”, – ამის შესახებ კომპანია ,,ფრიქსის” წარმომადგენელმა,ირაკლი ქურდაძემ განაცხადა.

,,ემსიბი ჯორჯიას” წარმომადგენელი, ალექსანდრე რატიშვილი აღნიშნავს, რომ ფასების ზრდა ქსელური მარკეტების მხრიდან არა მაღალი მარჟის, არამედ სხვა მაღალი პირობების შედეგია, მათ შორის, მაღალი ქეშბექის.
,,მე პირადად, დადებითი მოლოდინი მაქვს, რადგან პრემიერის ინტერვიუ ინტერვიუდ არ დარჩა და ამას მოჰყვა ძალიან სერიოზული განხილვები, – დღევანდელი შეხვედრაც ამის დასტურია. [ფასების ზრდის მიზეზია] ქსელური მარკეტების მაღალი ქეშბექი, – მათ აქვთ მაღალი სხვა პირობები და არა მარჟა,” – აცხადებს ალექსანდრე რატიშვილი.

ცნობისთვის,სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის ფარგლებში, ასევე დაგეგმილია შეხვედრა ფარმაცევტულ კომპანიებთან, რის შემდეგაც შეხვედრა გაიმართება საწვავის ფასთან დაკავშირებით.