საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჟან-ნოელ ბარო, გამოეხმაურა ნატოს გენერალური მდივნის, მარკ რუტეს განცხადებას ევროპის თავდაცვისუნარიანობის შესახებ. ბაროს თქმით, ევროპელებს შეუძლიათ და უნდა აიღონ პასუხისმგებლობა საკუთარ უსაფრთხოებაზე.

მინისტრის განმარტებით, ამ პოზიციას თავად შეერთებული შტატებიც უჭერს მხარს. ბარო აღნიშნავს, რომ „ევროპელებს შეუძლიათ და უნდა აიღონ პასუხისმგებლობა საკუთარ უსაფრთხოებაზე, რასაც შეერთებული შტატებიც კი ეთანხმება. ეს არის ნატო-ს ევროპული საყრდენი“, — დაწერა მან სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, მარკ რუტემ ცოტა ხნით ადრე განაცხადა, რომ ევროკავშირი ან ევროპა მთლიანობაში, აშშ-ის მხარდაჭერის გარეშე, თავის დაცვას ვერ შეძლებს. „თუ ფიქრობთ, რომ ევროკავშირს ან მთლიანად ევროპას შეუძლია დაიცვას თავი აშშ-ის გარეშე, მაშინ განაგრძეთ ოცნება“, — თქვა რუტემ.