ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში ბრიფინგის ჩატარება დაიგეგმა. ოფიციალური განცხადება დღეს, 14:00 საათზე გაკეთდება.

არსებული ინფორმაციით, ბრიფინგი შესაძლოა შეეხებოდეს ჯანდაცვის მინისტრის ყოფილ მოადგილეს, ილია ღუდუშაურის დაკავების ფაქტს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ მისმა ადვოკატმა, დიმიტრი მჭედლიშვილმა განუცხადა, ილია ღუდუშაური ამ დროისთვის დიღმის დროებით მოთავსების იზოლატორში იმყოფება.

ადვოკატის თქმით, ამ ეტაპზე დეტალებზე საუბარი რთულია, რადგან საქმეში ახლახან ჩაერთო. მისივე ინფორმაციით, დაკავებულისთვის ბრალი ჯერ არ არის წარდგენილი და საქმის მასალებიც ჯერ არ მიუღიათ. დიმიტრი მჭედლიშვილი დღეს გეგმავს იზოლატორში შესვლასა და მისი დაცვის ქვეშ მყოფის მონახულებას და არ გამორიცხავს, რომ ეს პროცესი ბრალის წარდგენას დაემთხვეს. ადვოკატის განცხადებით, ილია ღუდუშაური წუხელ დააკავეს.